თბილისის მერია ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით კომპანია LMC-ის ადვოკატის განცხადებას პასუხობს და ამბობს, რომ კომპანიის პროექტის შადრევანთან დაკავშირებით არ შეცვლილა.
17 ოქტომბერს პოლიციაში კომპანია "ელ ემ სი"-ს ადვოკატი გამოკითხეს. ადვოკატების განმარტებით, ყველა სამუშაო ევროპული სტანდარტების შესაბამისად შესრულდა. მისი თქმით, რამ გამოიწვია ტრაგედია ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს: "მნიშვნელოვანია, ხომ არ მომხდარა ჩვენ წარდგენილ დოკუმენტებში ცვლილებები".
"გვინდა გამოვეხმაუროთ შპს „ელ ემ სი“- ს წარმომადგენლის მიერ მედიაში გაკეთებულ განცხადებას, თითქოს მათ მიერ წარდგენილ პროექტში, ვაკის პარკის შადრევნის ე.წ. ტუმბოები გარეთ იყო გამოტანილი და რომ პროექტი მათთვის გაუგებარი მიზეზით არის შეცვლილი.
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ შპს „ელ ემ სი“- ს მიერ წარმოდგენილ პროექტში გარკვევით წერია: „ ჰორიზონტალური-ჩაძირული ტუმბო მრგვალი შადრევნისთვის“. პროექტში ასევე მითითებულია დანადგარის ტექნიკური მონაცემები.
კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, თბილისის მერია, შესაბამისი სამსახურები მჭიდროდ თანამშრომლობენ საგამოძიებო უწყებასთან და მზად არიან პასუხი გასცეს ყველა შეკითხვას, ასევე, პასუხი აგონ თუკი გამოძიებით დადასტურდება, რომ ადგილი ჰქონდა გადაცდომას.
შეგახსენებეთ, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ 2020 წლის 18 მაისს ტენდერის შესაბამისად, გააფორმა ხელშეკრულება შპს „ელ.ემ სი“ სთან , რომლის მიზანი იყო ვაკის პარკში არსებული შადრევნისა და კასკადის სარეაბილიტაციო სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაციის შედგენა", - წერია მერიის განცხადებაში.
ცნობისთვის, 13 ოქტომბერს, მოზარდი, რომელსაც ვაკის პარკის შადრევანში ჩასვლის შემდეგ დენმა დაარტყა გარდაიცვალა. მასთან ერთად დაშავდა კიდევ ორი ბავშვი, რომლებიც კლინიკებიდან უკვე გაწერეს. სამი ბავშვი ვაკის პარკის ახლად რეაბილიტირებულ შადრევანში ბურთის ამოსატანად ჩავიდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.