"მურუსიძისა და გვრიტიშვილის არჩევა მართლმსაჯულების სისტემაზე სრული კონტროლის მოპოვების მორიგი ნაბიჯია" | "დროა"

გამოქვეყნდა:

პარტია "დროა" იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ლევან მურუსიძისა და დიმიტრი გვრიტიშვილის არჩევას ეხმაურება და წერს, რომ ევროკომისიის 12 პუნქტის შესრულების ნაცვლად "ოცნება"  სასამართლო სისტემის კონტროლს აძლიერებს.

"ხელისუფლება ევროინტეგრაციის პროცესის საბოტაჟს აგრძელებს. როგორც მოსალოდნელი იყო, ევროკავშირის მხრიდან კანდიდატის სტატუსის მისაღებად მოცემული 12 პუნქტის შესრულების ნაცვლად, „ქართული ოცნება“ სასამართლო სისტემის კონტროლს აძლიერებს.

ევროკავშირის მხრიდან სასამართლოს პოლიტიკური გავლენისგან გათავისუფლების მოთხოვნის საპასუხოდ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრებად სასამართლო კლანის ორი ლიდერი - ლევან მურუსიძე და დიმიტრი გვრიტიშვილი აირჩიეს, ხოლო ევროპული რეკომენდაციების გამოქვეყნებიდან 10 დღეში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარედ სასამართლო „კლანის“ ერთ-ერთი ლიდერი, მიხელ ჩინჩალაძე, მეორე ვადით აირჩიეს.

მურუსიძისა და გვრიტიშვილის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებად არჩევა ოლიგარქიული სისტემის მიერ მართლმსაჯულების სისტემაზე სრული კონტროლის მოპოვების მორიგი ნაბიჯია და ნათლად გამოხატავს „ქართული ოცნების“ დამოკიდებულებას სახელმწიფო ინსტიტუტების, საქართველოს დემოკრატიული განვითარების, ევროკომისიის თორმეტპუნქტიანი სამოქმედო გეგმის შესრულებისა და ევროპული მომავლის მიმართ", - წერს დროა.

ცნობისთვის, დღეს, 23 ოქტომბერს, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ორი მოსამართლე, ლევან მურუსიძე და დიმიტრი გვრიტიშვილი აირჩიეს.  კენჭისყრაში მონაწილეობა საბჭოს 276-მა წევრმა მიიღო. სააპელაციო სასამართლოს მოქმედმა უვადო მოსამართლემ ლევან მურუსიძემ 268 ხმა მიიღო. გვრიტიშვილი კი 267 ხმით აირჩიეს. 

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი