ოკუპანტების მორიგი უკანონო ქმედება - ოჯახი დაკავებული ზაზა გახელაძის დაბრუნებას ელის

გამოქვეყნდა:

ოკუპანტების მიერ 33 წლის ზაზა გახელაძის დაჭრისა და დაკავების მიზეზი ოჯახისთვის უცნობია. მათი მთავარი სადარდებელი ახლა გატაცებულის სიცოცხლეა. მშობლებსა და მეუღლეს დაჭრის შესახებ არაფერი უთხრა, დაკავების ამბავი თავად აცნობა, ტელეფონით დაურეკა და დაამშვიდა, რომ არ ენერვიულათ.

გახელაძის დაჭრის ფაქტი დაკავებულის მამას ქართველმა სამართალდამცველებმა დაუდასტურეს. აცნობეს, რომ მისი შვილი ფეხშია დაჭრილი, მაგრამ მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მიუხედავად ამისა, მამა შიშობს და ხელისუფლების მხრიდან დროულ მოქმედებას ითხოვს. 

ოჯახის ინფორმაციით, ზაზა გახელაძე ცხინვალის ერთ-ერთ კლინიკაშია მოთავსებული. მას შემდეგ, რაც ერთხელ დაურეკა და დაკავება აცნობა, მშობლებს აღარ დაკავშირებია, ტელეფონი გათიშული აქვს. შაბათ დილით სოკოს საკრეფად წასული ოკუპირებულ ტერიტორიაზე აღმოჩნდა. 

ქვემო ჭალის მაცხოვრებლები შიშობენ, რომ რუსი ოკუპანტების ტყვეობაში შეიძლება ნებისმიერი მათგანი აღმოჩნდეს, რადგან იმ ადგილას, სადაც გახელაძე სოკოს კრეფდა და დააკავეს, არ არის საოკუპაციო ხაზი. 

რუსმა ოკუპანტებმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ისევ დაარღვიეს, საქართველოს მოქალაქე დაჭრეს და უკანონოდ დააკავეს. სახალხო დამცველი დღეს არ მოერიდა კრიტიკას. ნინო ლომჯარიას შეფასებით, ქვეყანას არ აქვს ეფექტური მექნიზმები მსგავს შემთხვევებში საკუთარი მოქალააქეების უფლებების დასაცავად.

ხელისუფლებას ოკუპანტების წინააღმდეგ მკაცრი განცხადებები ამ დრომდე არ გაუკეთებია. 
მმართველ გუნდს მხოლოდ  საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობის იმედი აქვს. 

ზაზა გახელაძის ოჯახი ახლა ყველაზე მეტად ელოდება ინფორმაციას დაჭრილის ჯამრთელობის მდგომარეობის შესახებ. როდის შეძლებენ მის მონახულებას წითელი ჯვრის წარმომადგენლები, უცნობია. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი