"გაათავისუფლეთ ნიკა გვარამია ახლავე!", "საქართველოს სჭირდება დამოუკიდებელი და თავისუფალი მედია", "საქართველო იმსახურებს ევროკავშირში გაწევრიანებას" - ამ სათაურებით შეტყობინებებს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით ევროპარლამენტარები საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს უგზავნიან.
მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ისინი ნებისმიერ დაინტერესებულ პირს სამ შაბლონს სთავაზობენ, რომლებშიც საუბარი სწორედ ნიკა გვარამიას თავისუფლების, ზოგადად, მედიის თავისუფლებისა და საქართველოს ევროპული მომავლისა და ევროპის საჭიროების შესახებაა.
"1. სათაური: საქართველო იმსახურებს ევროკავშირში გაწევრიანებას!
საქართველოს პრემიერმინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს,
მე მხარს ვუჭერ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას. მაგრამ ეს პროცესი წინ ვერ წავა, თუ ქვეყანაში ფუნდამენტური თავისუფლებები არ იქნება დაცული. კანონის უზენაესობა უნდა იყოს დაცული. დემოკრატიულ ქვეყანაში ოპოზიციურ ჟურნალისტებს თავისუფლად საუბრის საშუალება უნდა მიეცეთ.
გთხოვთ, გაათავისუფლოთ ნიკა გვარამია და პატივი სცეთ 19 აპრილის შეთანხმებას. ევროკავშირში გაწევრიანება შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პატივს სცემთ იმ ფუნდამენტურ ღირებულებებს, რომლებზეც კავშირი დაფუძნებულია. ერთად, ჩვენ უფრო ძლიერები ვართ.
2. სათაური: გაათავისუფლეთ ნიკა გვარამია ახლავე!
საქართველოს პრემიერმინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს,
საერთაშორისო საზოგადოებამ იცის და შეძრწუნებულია ნიკა გვარამიას ყალბი ბრალდებით დაპატიმრების გადაწყვეტილებით. დემოკრატიულ ქვეყანაში ასეთი რამ არ ხდება. გთხოვთ, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოთ ის და პატივი სცეთ თავისუფალ პრესას და სიტყვის თავისუფლებას. ეს საქართველოს დაეხმარება
ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებაში.
ბატონო პრემიერო, მე მჯერა, რომ საქართველოს ადგილი ევროკავშირშია. მაგრამ ოპოზიციური ჟურნალისტის დაპატიმრება არის ქცევა, რომელიც არღვევს იმ ფუნდამენტურ თავისუფლებებს, რომლებზეც ეს კავშირია დაფუძნებული.
გთხოვთ ნიკა გვარამიას გათავისუფლებას.
3. სათაური: საქართველოს სჭირდება თავისუფალი და დამოუკიდებელი მედია!
საქართველოს პრემიერმინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს,
კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტის, ნიკა გვარამიას დაპატიმრება გამოხატავს თავისუფალი და დამოუკიდებელი პრესის პრინციპის აშკარა დარღვევას, რაც ფუნდამენტურია ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნისთვის და აყვავებული დემოკრატიისთვის. ჟურნალისტების დაშინება და გაჩუმება ასეთი ტაქტიკით არ შეიძლება.
გთხოვთ, გაათავისუფლოთ ნიკა გვარამია და შეწყვიტოთ ჟურნალისტების დაპატიმრება ყალბი ბრალდებით".
"მოგიწოდებთ, მიმართოთ საქართველოს პრემიერმინისტრს და მოსთხოვოთ ნიკა გვარამიას გათავისუფლება... ევროპის მოქალაქეებს შეუძლიათ აჩვენონ, რომ ქვეყნებს, სადაც სრული დემოკრატიაა, შეუძლიათ შემოუერთდნენ ჩვენს საზოგადოებას... უბრალოდ "დააკოპირეთ" და ჩასვით ეს ტექსტი მეილის შეტყობინების გრაფაში. შენ შეგიძლია მიწერო საქართველოს პრემიერმინისტრის ოფისს მითითებულ მეილზე: contact@garibashvili.ge" - წერია განცხადებაში, რომელსაც ხელს ALDE-ს პრეზიდენტი აწერს.
იხილეთ ასევე: