
უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, ოლექსი დანილოვის თქმით, უკრაინა მზადაა, მონაწილეობა მიიღოს პოლონეთში მომხდარი აფეთქების გამოძიებაში. ის მოითხოვს, რომ აფეთქების ადგილას უკრაინის წარმომადგენლები შეუშვან.
გარდა ამისა, როგორც დანილოვი წერს, ქვეყანა პარტნიორებისგან ელოდება ინფორმაციას, რომლის საფუძველზეც დაასკვნეს, რომ აფეთქება უკრაინის თავდაცვის რაკეტამ გამოიწვია.
"უკრაინა მოითხოვს დაუყოვნებლივ შევიდნენ უკრაინის თავდაცვისა და სახელმწიფო საზღვრის თანამშრომლები აფეთქების ადგილას....
ჩვენ მომხრე ვართ ერთობლივად გამოვიკვლიოთ პოლონეთში რაკეტის დაშვების ინციდენტი. ჩვენ მზად ვართ, გადმოგცეთ რუსული კვალის მტკიცებულება, რაც გვაქვს. პარტნიორებისგან ველი ინფორმაციას, რის საფუძველზეც დაიდო დასკვნა, რომ ეს არის უკრაინის საჰაერო თავდაცვის რაკეტა", - წერს დანილოვი.
ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ, NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ მომხდარი, სავარაუდოდ, უკრაინის თავდაცვის ძალებს უკავშირდება, თუმცა სტოლტენბერგმა იქვე აღნიშნა, რომ ინციდენტი უკრაინის ბრალი არაა.
სტოლტენბერგის თქმითვე, არსებობს "მინიშნება", რომ რაკეტა იყო მიზანმიმართული თავდასხმის შედეგი ან რომ რუსეთი ამზადებს შეტევითი სამხედრო მოქმედებებს NATO-ს წინააღმდეგ. ამის შესახებ თავად პოლონეთის პრეზიდენტმა, ანდჟეი დუდამაც განაცხადა: "არ არსებობს მინიშნება, რომ ეს იყო მიზანმიმართული თავდასხმა პოლონეთზე", - თქვა მან.
15 ნოემბერს, პოლონეთში, უკრაინის საზღვართან ახლოს, სოფელ პრჟედვოდოვში რაკეტა ჩამოვარდა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა. პოლონეთმა თქვა, რომ რაკეტა რუსული წარმოებისაა. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა კონფლიქტის დროს ნატო-ს წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე რაკეტა ჩამოვარდა.
დუდამ ოთხშაბათს საღამოს გამართულ მიმართვაში განაცხადა, რომ ვარშავას არ აქვს ზუსტი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ვინ ზუსტად გაუშვა რაკეტა. პოლონეთმა მოიწვია საერთაშორისო ექსპერტები აფეთქებების გამოსაძიებლად. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამტკიცებს, რომ მას "არაფერი აქვს საერთო" პოლონეთში მომხდართან.