ცნობილია, რომ ოკუპანტების მიერ გატაცებულ ზაზა გახელაძეს არ ჰქონდა საოკუპაციო ხაზი გადაკვეთილი. ამის შესახებ ოჯახს ქართველმა სამართალდამცველებმა დაუდასტურეს.
დაჭრილი მამაკაცი ამჟამად ოკუპირებული ცხინვალის საავადმყოფოშია მოთავსებული. "მთავარი არხი" კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალაში იმყოფებოიდა, სადაც ცხოვრობს დაკავებული გახელაძის ოჯახი. მათ ამ დრომდე არ აქვთ ახალი ინფორმაცია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. ინფორმაცია "წითელი ჯვრის" წარმომადგენლები უნდა მოეწოდებინათ, თუმცა არსებული ეპიდვითარების გამო მათი გახელაძესთან ვიზიტი გადაიდო.
ოკუპანტი სახელმწიფოს ვერსიით, დაკავებული შეიარაღებული იყო და სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო საზღვარი 300 მეტრით გადაკვეთა, სადაც რუს მესაზღვრეებს გადაეყარა. მან 10-ჯერ გაისროლა და საპასუხო ცეცხლის გახსნისას დაიჭრა.
ოჯახი აღნიშნულ ვერსიას უარყოფს. მათი თქმით, სოკოს საკრეფად წასულ გახელაძეს, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფებოდა, თან სანადირო თოფი ჰქონდა, საიდანაც 10-ჯერ ვერ გაისროდა.
არც ბანერებია, არც ხაზი. არანაირი გამყოფი ხაზი არ არსებობს... სანადირო თოფი ნამდვილად ჰქონდა ჩემს შვილს. თქვენ კარგად იცით, სანადირო თოფიდან 10 გასროლას ვერ განახორციელებდა. შეიძლება პირველმა გაისროლა, მაგრამ მაგდენს ნამდვილად ვერ გაისროდა, - ამბობს დაკავებულის დედა ნანა გახელაძე.
შეგახსენებთ, რომ ზაზა გახელაძე რუსმა ოკუპანტებმა 11 ივლისს, სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიიდან გაიტაცეს. საქართველოს მოქალაქის გატაცებას საქართველოში აშშ-ს საელჩო და სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი გამოეხმაურნენ და რუსეთს 2008 წელს ნაკისრი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებისკენ მოუწოდეს.