სექტემბერ-ოქტომბერში აჩქარდა წონის კლება, ახლა უფრო მძიმედ გამოიყურება, ვიდრე ფოტოებზე - წულაძე მიხეილ სააკაშვილზე

გამოქვეყნდა:

სახალხო დამცველის ინიციატივით შექმნილი ექიმთა კონსილიუმის წევრი, თენგიზ წულაძე ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის ფოტოები, რომლებიც გავრცელდა არ ასახავს მის ამჟამინდელ მდგომარეობას.

წულაძე ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის წონის დაჩქარებული ვარდნა 2022 წლის სექტემბერ-ოქტომბრის პერიოდში დაიწყო. როგორც ცნობილია, გავრცელებული ფოტოები 2022 წლის აგვისტოთი თარიღდება.

როგორც წულაძე განმარტავს, წონის თვალსაზრისით მიხეილ სააკაშვილის ახლანდელი და მაშინდელი მდგომარეობა "ძალიან სხვადასხვაა".

"აგვისტოს ფოტოებია და ახლა დეკემბერია. დეკემბერში ვნახეთ ჩვენ და რა თქმა უნდა, განსხვავებულია, ახლა გაცილებით განსხვავებული მდგომარეობაა, უფრო ნაკლები წონაა ვიდრე იყო, რა თქმა უნდა, განსხვავებულადვე წონის თვალსაზრისით, ახლანდელი და მაშინდელი წონა ძალიან სხვადასხვაა. სექტემბრის ბოლოს ოქტომბრის დასაწყისში დაიწყო წონის აჩქარებული კლება. ახლა უფრო მძიმედ გამოიყურება, ვიდრე იმ ფოტოებზეა", - თქვა თენგიზ წულაძემ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ტელეკომპანია "ფორმულამ" გავრცელა  კლინიკა "ვივა მედში" გადაღებული მიხეილ სააკაშვილის ფოტოები, რომელიც 29 აგვისტოთი თარიღდება. "შაბათის ფორმულამ" პირველად გავრცელებული ინფორმაცია, რომ ფოტოები ერთი თვის წინ არის გადაღებული, მოგვიანებით შეასწორა და დამადასტურებელი ფაქტი, სურათების გადაღების თარიღი  გამოაქვეყნა.

ექიმები, ადვოკატები და მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ  მესამე პრეზიდენტის მდგომარეობა მძიმეა. 

 სახალხო დამცველის ინიციატივით შექმნილმა ექიმთა კონსილიუმმა მიხეილ სააკაშვილი 4 დეკემბერს მოინახულეს, ჯანმრთელობის მდგომარეობაზე დასკვნა მათ 6 დეკემბერს გამოაქვეყნეს. ექიმები მიხეილ სააკაშვილის დამძიმებულ მდგომარეობაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ ჯობს დროულად გამოიცვალოს მისი სამკურნალო ადგილი.

გარდა ამისა, მომზადებულია კიდევ ერთი, ამერიკელი ექსპერტის დასკვნა. ტოქსიკოლოგიურ დასკვნაში ნათქვამია, რომ მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმში დიდი რაოდენობით ვერცხლისწყალი და დარიშხანია აღმოჩენილი. დასკვნის ავტორი დევიდ სმიტი აღნიშნავს იმასაც, რომ ნივთიერებები მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმში ციხეში შესვლის შემდეგ მოხვდა. 

ამ დასკვნების საფუძველზე დაცვის მხარემ სასამართლოს მიხეილ სააკაშვილის სასჯელიდან გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების შუამდგომლობით მიმართა. ნინო ლომჯარიას თქმით, მისი ეგიდით შექმნილი კონსილიუმის დასკვნის თანახმად, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარერობა აკმაყოფილებს მინიმუმ სასჯელის გადავადების მოთხოვნას. მან მიხეილ სააკაშვილის საქმეზე, სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით მიმართა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში პირველი სხდომა 9 დეკემბერს გაიმართა. ადვოკატებს და თავად მიხეილ სააკაშვილს სურდათ, რომ სხდომას დასწრებოდნენ, თუმცა კლინიკა ვივა მედმა მესამე პრეზიდენტის ტრანსპორტირების რეკომენდაცია არ გასცა.

მომდევნო სხდომა 14 დეკემბერს გადაიდო, ადვოკატები მოითხოვენ, რომ მიხეილ სააკაშვილი სხდომას ან პირადად დაესწროს, ან სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩაერთოს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი