საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის თქმით, მოსამართლემ გასცა განკარგულება, რომ მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესს მინიმუმ დისტანციურად დაესწროს. რა ფორმით მიიღებს მონაწილეობას მესამე პრეზიდენტი ხვალინდელ სასამართლო სხდომაზე ეს დღეს გახდება ცნობილი.
ხვალინდელ სასამართლო სხდომაზე 30-მდე მოწმე უნდა დაიკითხოს, როგორც ცნობილია, მათ შორის იქნებიან ცენტრ "ემპათიის" ექსპერტები.
"მოსამართლემ გასცა განკარგულება, რომ უნდა დაესწროს მინიმუმ დისტანციურად სასამართლო პროცესზე, თუმცა თუ კლინიკა ვივა მედი გასცემს ნებართვას, მაშინ შესაძლებელია მოიყვანონ კიდეც, თუ არ გასცემს, მაშინ უნდა ჩაერთოს დისტანციურად. დავუკავშირდებით სასამართლოს თანაშემწეს, გავარკვევთ, რამდენად მოგვარდა ეს საკითხი ტექნიკურად. 30 მოწმეა, თუმცა თუ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობამ სწრაფად დაიწყო დამძიმება, მაშინ არ გამოვრიცხავ, რომ რამდენიმე მოწმის ჩვენება უბრალოდ გამოვაქვეყნოთ და არ მოხდეს მათი დაკითხვა", - თქვა შალვა ხაჭაპურიძემ.
ცნობისთვის, სამედიცინო დასკვნის საფუძველზე მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებმა სასამართლოს მესამე პრეზიდენტის სასჯელის გადავადების ან სასჯელიდან გათავისუფლების შუამდგომლობით მიმართეს. საქმეზე პირველი სასამართლო სხდომა 9 დეკემბერს გაიმართა. პროცესს ვერ დაესწრო მიხეილ სააკაშვილი. თავად მას ამის სურვილი ჰქონდა, თუმცა კლინიკა ვივა მედმა სასამართლოში მისი გადაყვანის რეკომენდაცია არ გასცა.
შემდეგი პროცესი 14 დეკემბერს ჩაინიშნა. ადვოკატები მოითხოვენ, რომ მიხეილ სააკაშვილი სხდომას ან პირადად დაესწროს, ან სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩაერთოს.
რაც შეეხება დასკვნებს მიხეილ სააკაშვილს ჯანმრთელობის მდგომარეობაზე - საქმეს დართული აქვს ამერიკელი ექსპერტების დასკვნა, ასვე, სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმისა და ცენტრ ემპათიის დასკვნები.
სახალხო დამცველის ინიციატივით, შექმნილმა ექიმთა კონსილიუმმა მიხეილ სააკაშვილი 4 დეკემბერს მოინახულა, ჯანმრთელობის მდგომარეობაზე დასკვნა მათ 6 დეკემბერს გამოაქვეყნეს. ექიმები მიხეილ სააკაშვილის დამძიმებულ მდგომარეობაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ ჯობს დროულად გამოიცვალოს მისი სამკურნალო ადგილი.
ნინო ლომჯარიას თქმით, ამ დასკვნის თანახმად, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარერობა აკმაყოფილებს მინიმუმ სასჯელის გადავადების მოთხოვნას. მან მიხეილ სააკაშვილის საქმეზე, სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით მიმართა.
მანამდე გასაჯაროვდა ამერიკელ ექსპერტთა დასკვნა. ტოქსიკოლოგიურ დასკვნაში ნათქვამია, რომ მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმში დიდი რაოდენობით ვერცხლისწყალი და დარიშხანია აღმოჩენილი. დასკვნის ავტორი დევიდ სმიტი აღნიშნავს იმასაც, რომ ნივთიერებები მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმში ციხეში შესვლის შემდეგ მოხვდა.