უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი, 6-7 იანვარს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის ბრძანებასთან დაკავშირებით რუსეთის პრეზიდენტის განკარგულებას ეხმაურება და მას თვალთმაქცობას უწოდებს.
"პირველი - უკრაინა არ ესხმის თავს უცხო ქვეყნის ტერიტორიას და არ კლავს მშვიდობიან მოქალაქეებს, როგორც ამას რუსეთის ფედერაცია აკეთებს. უკრაინა თავის ტერიტორიაზე მხოლოდ ოკუპანტების სამხედროებს ანადგურებს. მეორე - რუსეთის ფედერაციამ უნდა დატოვოს ოკუპირებული ტერიტორიები, მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყება "დროებითი ზავი". თვალთმაქცობა თქვენთვის შეინახეთ", - წერს პოდოლიაკი.
ცნობისთვის, პუტინმა თავდაცვის მინისტრს სერგეი შოიგუს უკრაინაში 6-7 იანვარს ცეცხლის შეწყვეტა დაავალა. პუტინის განკარგულებით, ცეცხლის შეწყვეტა 6 იანვარს მოსკოვის დროით 12:00 საათზე ამოქმედდება და 7 იანვრამდე, მოსკოვის დროით 24:00 საათამდე გაგრძელდება.