
საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს განცხადებით, მთავრობის მიერ უკრაინაში გაგზავნილი 25 ერთეული მაღალი სიმძლავრის გენერატორი კიევში ჩავიდა.
უწყების ცნობით, უკრაინაში საქართველოს საელჩოს ძალისხმევით, გენერატორები საჭიროების შესაბამისად უკრაინის სხვადასხვა რეგიონებში გადანაწილდა და - ხარკოვის, ნიკოლაევის, ლვოვის, კიევის ოლქსა და ქალაქ კიევს მიეწოდა.
ცნობისთვის, კრიტიკისა და არაერთი მოწოდების შემდეგ, 9 დეკემბერს მთავრობამ თქვა, რომ უკრაინაში გენერატორებს გაგზავნიდა. მთავრობამ გენერატორები 1,5 მლნ ლარად შეიძინა. 300-ზე მეტი გენერატორი უკრანაში ჩავიდა ქართველი ხალხის სახელითაც. მოქალაქეებმა ფული კამპანია "გაუზიარე სინათლის" ფარგლებში შეაგროვეს.