კრიტიკის შემდეგ, მთავრობა ამბობს, რომ უკრაინაში გენერატორებს გაგზავნის

გამოქვეყნდა:

კრიტიკის შემდეგ საქართველოს მთავრობა ამბობს, რომ უკრაინაში გენერატორებს გაგზავნის. მთავრობა ამბობს, რომ გენერატორებს შეისყიდიან, თუმცა რამდენს, ჯერ უცნობია.

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი, რევაზ ჯაველიძე ამბობს, რომ ომის დაწყებიდან დღემდე, საქართველოს მთავრობა "არასდროს აკლებდა ყურადღებას უკრაინელ მეგობრებს".

"როგორც მოგეხსენებათ, ომის დაწყების დღიდან, საქართველოს მთავრობა საკუთარი შესაძლებლობების ფარგლებში არასოდეს აკლებდა ყურადღებას ჩვენს უკრაინელ მეგობრებს, უკრაინის მოსახლეობას და მაქსიმალურად ცილობდა, ყველანაირად დახმარებოდა მათ.

ამის დასტურია ის, რომ საქართველო პირველ ადგილზე რჩება იმ ქვეყნებს შორის, ვინც ჰუმანიტარული დახმარება გაუწია ამ სახელმწიფოს. მინდა აუცილებლად აღვნიშნო ის მხარდაჭერა, რომელსაც სახელმწიფო დღეს აგრძელებს", - თქვა მან. 

გენერატორებს ეკონომიკის სამინისტრო შეისყიდის.

ცნობისთვის, 6 დეკემბერს საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, ანდრეი კასიანოვმა განაცხადა, რომ ერთი თვის წინ საქართველოს ხელისუფლებას სთხოვეს ენერგეტიკულ სფეროში დახმარება, გენერატორებითა და ტრანსფორმატორებით, თუმცა დადებითი პასუხი არ მიუღიათ. "ქართული ოცნების" მხრიდან კასიანოვის განცხადებებს კრიტიკა მოჰყვა, მმართველი გუნდის წევრებმა თქვეს, რომ მისი მიზანია საქართველო სამხედრო კონფლიქტში მხარედ დაფიქსირდეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი