აზერბაიჯანული მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც სერბეთმა ოფიციალურ ერევანს თოუზის რეგიონის დასაბომბი ნაღმმტყორცნები საქართველოს გავლით მიაწოდა მთავრობა და საგარეო საქმეთა უწყება კომენტარს ამ დრომდე არ აკეთებს. ამ კითხვას დღეს არ უპასუხა საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმაც.
ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ამ ფაქტზე ხელისუფლების წარმომადგენლებმა მკაფიო პოზიცია უნდა დააფიქსირონ. ევროპული საქართველოს ლიდერის, გიგა ბოკერიას თქმით, თუ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლე აღმოჩნდება ეს მოქალაქეებისთვის იქნება საზიანო.
თუ ეს ინფორმაცია სიამართლეა ეს არის პირდაპირ, არა მარტო ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის, აზერბაჯანის და ჩვენი ორი მეზობელი ქვეყნის, ორივეს წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი, არამედ ეს არის საქართველოს მოქალაქეების სასიცოცხლო ინტერესების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი. ის რომ დღემდე არ გვაქვს აღმასრულებელი ხელისუფლების მკაფიო რეაქცია ეს უკეთეს შემთხვევაში არის ქვეყნისთვის საზიანო სისულელე - თქვა გიგა ბოკერიამ.
"ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ ცნობილია რუსეთის პოლიტიკა, როდესაც ის დროდადრო იარაღით ამარაგებს სომხეთს და აზერბაიჯანს, ხოლო საქართველომ თუ იარაღი საკუთარ ტერიტორიაზე გაატარა, ის არღვევს საერთაშორისო ვალდებულებას, რომლის მიხედვითაც მას კონფლიქტის რომელიმე მხარისთვის საკუთარი ტერიტორიის გავლით იარაღის მიწოდების უფლება არ გააჩნია. ამიტომ სამადაშვილი საგარეო საქმეთა სამინისტროსგან ოფიციალური განცხადების გაკეთებას მოითხოვს.
შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანის ადგილობრივი სახელისუფლო მედია ჰაქინ. აზ - წერს, რომ სერბეთმა ოფიციალურ ერევანს თოუზის რეგიონის დასაბომბი ნაღმმტყორცნები საქართველოს გავლით მიაწოდა. სააგენტო ასევე წერს, რომ სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაციით სომხეთში, ამჯერად უკვე რუსეთიდან, მაგრამ ასევე საქართველოს გავლით, შევიდა ე.წ. "კამაზის" ტიპის არაერთი ავტომობილი, რომლებიც "გრადის" ტიპის იარაღითა და ნაღმტყორცნებით იყო დატვირთული.
სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე, ტოვუზის რეგიონში შეირაღებული დაპირისპირება 12 ივლისს დაიწყო.