
The Wall Street Journal-ის ცნობით, უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელი კირილ ბუდანოვი, კრემლის გეგმაზე კიევის აღების შესახებ, დენის კირეევმა გააფრთხილა.
რუსი ჯაშუში თუ უკრაინის გმირი? დენის კირეევის უცნაური სიკვდილი - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას ამერიკული გამოცემა 45 წლის ბანკირზე, დენის კირეევზე, რომელიც უკრაინასა და რუსეთს შორის გამართულ მოლაპარაკებებში მონაწილეობდა და კავშირები ჰქონდა რუსულ სპეცსამსახურებთან.
როგორც გამოცემა წერს, ის წლების განმავლობაში თანამშრომლობდა რუსეთის ფედერაციასთან ფინანსური ინსტიტუტების მეშვეობით, სანაცვლოდ კი დიდ თანხას იღებდა. მოგვიანებით კირეევმა კავშირი დაამყარა ევროპულ დაზვერვასთანაც.
კირეევით უკრაინის დაზვერვა ჯერ კიდევ 2021 წელს დაინტერესდა, როდესაც რუსეთმა თავისი ჯარების გაგზავნა დაიწყო უკრაინის საზღვრებთან. ბუდანოვმა ის დაიბარა და სთხოვა გამოეყენებინა თავისი კავშირები რუსულ სპეცსამსახურებში - "კირეევმა თავისი წყაროებიდან შეიტყო, რომ მოსკოვი ემზადებოდა შეჭრისთვის - და იყო პირველი, ვინც განგაში გამოაცხადა უკრაინაში"- წერს The Wall Street Journal.
23 თებერვალს, უკრაინაში შეჭრამდე რამდენიმე საათით ადრე, კირეევმა ბუდანოვს ახალი ინფორმაცია მიაწოდა, რომ პუტინმა უკრაინაში შეჭრის ბრძანება გასცა. მან იცოდა თავდასხმის ძირითადი მიმართულებაც.
ბუდანოვის თქმით, კირეევის ინფორმაციამ უკრაინას "რამდენიმე ძვირფასი საათი მისცა" მზადყოფნისთვის.
მას შემდეგ, რაც რუსეთის გეგმა კიევის სწრაფად აღებაზე ჩაიშალა და მოლაპარაკებები შედგა ბელარუსში ცეცხლის შეწყვეტაზე, ბუდანოვმა კირეევს მოლაპარაკებებში მონაწილეობა შესთავაზა, რადგან ის რუსული დელეგაციის წევრებს იცნობდა და ამ კავშირებს შეეძლო საომარი მოქმედებების შეჩერება და უკრაინის თავდაცვის მობილიზაციისთვის მეტი დროის მოგება.
მიუხედავად იმისა, რომ კირეევმა იცოდა, რომ მისთვის სარისკო იქნებოდა ასეთი საჯარო როლის შესრულება, ის მაინც დათანხმდა - წერს გამოცემა.
ბელარუსიდან დაბრუნების შემდეგ კირეევი ბუდანოვს შეხვდა. მისი დაცვის სამსახურის თანამშრომლის თქმით, კირეევმა იცოდა მოსალოდნელი საფრთხის შესახებ.
გაზაფხულზე კი ცნობილი გახდა მისი, როგორც რუსი ჯაშუშის ლიკვიდაციის შესახებ. თუმცა, რამდენიმე დღის შემდეგ, უკრაინის დაზვერვამ თქვა, რომ დენის კირეევი და კიდევ ორი თანამშრომელი სპეც. დავალების შესრულებისას დაიღუპა - "მათ თავის შეწირეს უკრაინის დაცვა, რამაც გამარჯვებასთან მიგვაახლოვა", - აცხადებდა უკრაინის დაზვერვა 6 მარტს.
კირეევის მკვლელობასთან დაკავშირებით, The Wall Street Journal-ის სტატიაზე, კომენტარი გააკეთა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა. Delfi-სთან ინტერვიუში მან განაცხადა, რომ კირეევის მკვლელობა, ომის დასაწყისში უკრაინის სპეცსამსახურების ცუდი კოორდინაციის შედეგი იყო. პოდოლიაკი ამბობს, რომ კირეევი "არ ყოფილა რუსეთის აგენტი“.
„ის დაკავშირებული იყო დაზვერვის მთავარ განყოფილებასთან და მისი მკვლელობა უკავშირდებოდა იმას, რომ არ არსებობდა ერთიანი კოორდინაცია ძალაუფლების სტრუქტურებს შორის." აღნიშნავს პოდოლიაკი.
მისივე თქმით, კირეევის აგენტად გამოყვანა რუსეთის ფედერაციამ სცადა, მაგრამ ის მტერთან არ იყო დაკავშირებული.
SBU-ს პრესსამსახურში აცხადებენ, რომ კირეევის მკვლელობაზე კომენტარს ვერ გააკეთებენ, რადგან გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების ბიურო აწარმოებს.