
უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ოლექსი რეზნიკოვის ინფორმაციით, "რამშტაინის" ფორმატის მორიგი შეხვედრა თებერვალში გაიმართება. მას სამიტის თარიღი არ დაუკონკრეტებია.
" რამშტაინის ყოველი შეხვედრის შემდეგ, ვხედავ, როგორ იზრდება ჩვენი პარტნიორების ნდობა უკრაინის მიმართ. ეს ყველაფერი ჩვენი სამხედროებისა და წარმომადგენლების შრომის დამსახურებაა. მეტი ნდობა ნიშნავს მეტ იარაღს, რომ დავიცვათ ჩვენი მიწა, ზღვა და ცა. რამშტაინის მე-9 შეხვედრა თებერვალში გაიმართება. ადევნეთ თვალი", - წერს რეზნიკოვი twitter-ზე.
შეგახსენებთ, რამშტაინის ბოლო შეხვედრა 20 იანვარს გაიმართა. სამიტის მთავარი განსახილველი თემა უკრაინისთვის Leopard-ის ტიპის ტანკების გადაცემა იყო.
Leopard-ის ტიპის ტანკები თანამედროვე სამხედრო აღჭურვილობაა, რომელიც რუსეთთან ომში კიევის ძალებს მნიშვნელოვნად გააძლიერებს. დასავლეთის ქვეყნების თავდაცვის მინისტრები უკრაინისთვის ამ ტიპის ტანკების გადაცემაზე ვერ შეთანხმდნენ.
პოლონეთმა და ფინეთმა Leopard-ის გადაცემაზე მზაობა უკვე გამოთქვეს, თუმცა ის გერმანული წარმოებისაა, ამიტომ გაგზავნისთვის მათ გერმანიის ნებართვა სჭირდებათ. მიუხედავად ამისა, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ვარშავამ უკრაინას ტანკები ნებართვის გარეშეც შეიძლება მიაწოდოს. განცხადებას გამოეხმაურა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი. ანალენა ბერბოკის თქმით, ამ გადაწყვეტილების შემთხვევაში გერმანია პოლონეთს წინააღმდეგობა არ გაუწევს.