
პოლონეთის პრემიერმინისტრის, მატეუშ მორავეცკის თქმით, ქვეყანა მზადაა უკრაინაში Leopard-ის ტიპის ტანკები გერმანიის თანხმობის გარეშე გაგზავნოს. როგორც მორავეცკიმ აღნიშნა, მისი მთავრობა ბერლინიდან ნებართვას მოითხოვს, თუმცა თანხმობა "მეორე ხარისხოვანია".
"იმ შემთხვევაშიც კი თუ ჩვენ არ მივიღებთ თანხმობას, პარტნიორებთან ერთად უკრაინას ტანკებს მაინც მივაწვდით - ამ მომენტისთვის მნიშვნელოვანია ქვეყნის მცირე კოალიციის შექმნა", - თქვა მან.
მორავეცკი ასევე გამოეხმაურა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას და თქვა, რომ ზეწოლასა და კრიტიკას შედეგი ყოველთვის აქვს. როგორც მან აღნიშნა, გერმანელი დიპლომატის ეს განცხადება აჩენს იმედს, რომ ბერლინი არა მხოლოდ არ დაბლოკავს ტანკების გადაცემის გადაწყვეტილებას, არამედ საბოლოოდ თავადაც დათანხმდება იარაღის მიწოდებას.
ცნობისთვის, ანალენა ბერბოკმა თქვა, რომ ბერლინი სხვა ქვეყნებს საკუთარი წარმოების ტანკების უკრაინისთვის გადაცემაზე უარს არ ეტყვის.