საქართველო გადავიდა კრემლის ორბიტაზე - The Economist მიხეილ სააკაშვილზე სტატიას აქვეყნებს

გამოქვეყნდა:

"საქართველო კრემლის ორბიტაზე გადავიდა" - ამ სათაურით სტატიას საერთაშორისო გამოცემა The Economist აქვეყნებს. მედია წერს, რომ ქვეყანას დასავლეთი ოდესღაც თავისუფლების შუქურად აღიქვამდა. 

სტატიის ავტორი იხსენებს 2005 წელს, ჯორჯ ბუშის თბილისში ვიზიტს, როცა ის მიესალმა ქვეყნის დემოკრატიულ რეფორმებს, მადლობა გადაუხადა ერაყში ჯარების გაგზავნისთვის და საქართველოს "თავისუფლების შუქურა" უწოდა. ავტორი იხსენებს მაშინდელი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისთვის ნათქვამ ბუშის სიტყვებს, რომ საქართველოს ჰყავდა "სოლიდური მეგობარი ამერიკაში".

"ამ დღეებში სწორედ კრემლი ადიდებს საქართველოს, ქვეყანას, რომელშიც 2008 წელს შეიჭრა, მისი ხაზის გატარებისთვის და რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის სანქციების შეერთებაზე უარის თქმისთვის", - წერია სტატიაში. 

The Economist წერს, რომ 55 წლის მიხეილ სააკაშვილი საავადმყოფოში მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება და ებრძვის დემენციასა და კუნთების ატროფიას. გამოცემის ცნობით, მათი კორესპონდენტისთვის გაგზავნილ წერილში მესამე პრეზიდენტი ამბობს, რომ მისი ჯანმრთელობა ძალიან ცუდ მდგომარეობაშია. 

"გარდა ყველა სახის ცუდი სიმპტომებისა, რაც სასოწარკვეთაში მაგდებს არის მეხსიერების საშინელი დაკარგვა", - აღნიშნავს მიხეილ სააკაშვილი. 

გამოცემა ამბობს, რომ სააკაშვილის თქმით, ის მოწამლეს. The Economist წერს მისი ადვოკატების მიერ გავრცელებულ ტოქსიკოლოგიურ დასკვნაზეც, რომელშიც ნათქვამია, რომ მიხეილ სააკაშვილის სხეულში მძიმე მეტალები აღმოაჩინეს.

"ქართული ოცნება", პარტია, რომელიც ბ-ნმა ივანიშვილმა დააარსა, ძალაუფლებას არეულობისა და სააკაშვილის ხელისუფლებაში დაბრუნების შიშის დანერგვით ინარჩუნებს. თუმცა, ქართველები შეიძლება იმედგაცრუებულნი იყვნენ ყოფილი პრეზიდენტის პოლიტიკით, მაგრამ ისინი ასევე აღშფოთებულები არიან მისადმი არაადამიანური მოპყრობით. [....] 

სააკაშვილისადმი არასათანადო მოპყრობა ხელს უშლის საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის შანსებს. კანონის უზენაესობის სხვა დარღვევები მოიცავს ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი კერძო ტელეარხის მმართველის, ნიკა გვარამიასთვის თავისუფლების აღკვეთას აშკარად გაყალბებული ბრალდებებით. პოლიტიკური ოპოზიცია თვალთვალის ქვეშაა. ევროკავშირისგან წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თხოვნა საქართველოს გასულ ივნისში უკან დაუბრუნდა 12 მოთხოვნით, რომელთა შესრულებასაც მთავრობა, როგორც ჩანს, არ ჩქარობს", - აღნიშნულია სტატიაში.

გამოცემა ახსენებს "ხალხის ძალასაც", რომელსაც უფრო რადიკალურ ანტიდასავლურ მოძრაობად მოიხსენიებს. მედიის შეფასებით, მათი რიტორიკა და პოლიტიკა, მათ შორის შემოთავაზებული კანონპროექტი "უცხოური აგენტების" აკრძალვის შესახებ, ჰგავს კრემლის ტაქტიკის ზუსტ ასლს. 

"ეკონომისტის" შეფასებით, საქართველო ჯერ-ჯერობით მაინც ნაკლებად ავტორიტარულია, ვიდრე რუსეთი ან ბელარუსი, მაგრამ "ის ძალიან სწრაფად მიიწევს კრემლის ორბიტისკენ". სტატიაში წერა, რომ პუტინის დასაშოშმინებლად საქართველოს ხელისუფლებამ უარი განაცხადა, შეერთებოდა სანქციების რუსეთის წინააღმდეგ და ასევე უკრაინისთვის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების დაბრუნებაზე, რომლებიც უკრაინამ მას 2008 წელს გადასცა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი