
უკრაინის ომბუდსმენი, დმიტრო ლუბინეცი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებასა და მის პატიმრობას ეხმაურება.
ლუბინეცი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, დაუშვან ის უკრაინის მოქალაქის მოსანახულებლად. როგორც ლუბინეცი აღნიშნავს, მან ამ მოთხოვნით იუსტიციის სამინისტროს არაერთხელ მიმართა, თუმცა მათგან პასუხი არ მიუღია.
"საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და უკრაინის ამჟამინდელი მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი მძიმე მდგომარეობაშია. რასაც ფოტოზე და ვიდეოზე ვხედავთ არის უკრაინის მოქალაქის წამება. ყველა საჯაროდ უყურებს, როგორ უარესდება მისი მდგომარეობა და ეს მიუღებელია!
კიდევ ერთხელ საჯაროდ მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, დამიშვას უკრაინის მოქალაქესთან. საქართველოს ომბუდსმენს რამდენჯერმე დავუკავშირდი, რამდენიმე წერილი მივწერე იუსტიციის სამინისტროს და პასუხი არ მიმიღია!
მოვითხოვ სასწრაფოდ გაუშვან სამკურნალოდ! ასევე მივმართავ უფლებადამცველ ყველა ინსტიტუტს, სასწრაფოდ მოახდინოს გავლენა საქართველოს ხელისუფლებაზე!
უკრაინა განზე არ დადგება, როცა მისი მოქალაქეები ასეთ პირობებში არიან და სასწრაფო დახმარება სჭირდებათ", - დაწერა დმიტრო ლუბინეცმა.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგოამრეობასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ. მან საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა შეწყვიტონ მიხეილ სააკაშვილზე ძალადობა და გაათავისუფლონ ის. გარდა ამისა, ზელენსკიმ მიხეილ სააკაშვილის გადარჩენისთვის მსოფლიო ლიდერებს მიმართა.
მანამდე, ავსტრიის პრეზიდენტთან ალექსანდრ ვან დერ ბელენთან შეხვედრის შემდეგ, კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიხელ სააკაშვილის ფოტოები წარადგინა და თქვა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტს ყოველდღე საჯაროდ აწამებენ.
ამავე თემაზე: