
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი "ამერიკის ხმისთვის" მიცემულ კომენტარში აცხადებს, რომ ყურადღებით აკვირდებიან მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას. მათი თქმით, მთავრობის პასუხისმგებლობაა მიხეილ სააკაშვილის მიმართ ღირსეული და სამართლიანი მოპყრობა.
"ჩვენ ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ მოპყრობას. როგორც უკვე ვთქვით, საქართველოს მთავრობის პასუხისმგებლობაა მოეპყროს ბატონ სააკაშვილს სამართლიანად და ღირსეულად, მათ შორის, დამოუკიდებელი სახალხო დამცველის სამედიცინო ექსპერტების რეკომენდაციის შესაბამისად, ყველა საჭირო სამედიცინო და ფსიქოლოგიური მკურნალობის გაწევით", - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის წერილობით კომენტარში.
სახელმწიფო დეპარტამენტი "ამერიკის ხმასთან" ამბობს, რომ "საქართველოს ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ბატონი სააკაშვილის უფლებები იყოს დაცული და მას მიეცეს საჭირო სამედიცინო დახმარება".