
ირლანდიის პარლამენტში საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, ჩარლზ ფლანაგანი მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება.
ფლანაგანი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარესებაზე პასუხისმგებლობას საქართველოს მთავრობას აკისრებს და წერს, რომ მესამე პრეზიდენტს სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანის შესაძლებლობა უნდა მიეცეს.
"საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება. მას ჰუმანიტარული მიზნებით საზღვარგარეთ მკურნალობის შესაძლებლობა უნდა მიეცეს. საქართველოს მთავრობამ პასუხისმგებლობა უნდა აიღოს არსებულ შემაშფოთებელ გარემოებაზე", - წერს ჩარლზ ფლანაგანი.
შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილის სასჯელისგან გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების საქმეზე 6 თებერვალს საქალაქო სასამართლოში ბოლო სხდომა გაიმართა. მოსამართლე გიორგი არევაძემ დაცვის მხარის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში დატოვა.