
დიდი ბრიტანეთი "აქტიურად" განიხილავს უკრაინაში ბრიტანული თვითმფრინავების გაგზავნას - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრის პრესსპიკერმა ბრიტანულ გამოცემას განუცხადა.
მედიის ინფორმაციით, ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი განიხილავს, თუ რომელი თვითმფრინავი შეიძლება გაიგზავნოს უკრაინაში, თუმცა პრემიერის ადმინისტრაციის განცხადებით, თვითმფრინავების მიწოდებაზე გადაწყვეტილება ჯერჯერობით მიღებული არაა.
"ვფიქრობთ, ჩვენი ნაბიჯებიდან ჩანს, რომ ჩვენ მზად ვართ უკრაინა მოვამზადოთ იმისთვის, რომ როცა პილოტებს გავლილი ექნებათ შესაბამისი ტრენინგი, ისინი შეძლებენ ამ ტიპის თვითმფრინავების გამოყენებას. ჩვენ არ მიგვიღია გადაწყვეტილება გაგზავნის თუ არა გაერთიანებული სამეფო უკრაინაში მოიერიშე თვითმფრინავს. ცხადია, მიმდინარეობს დისკუსია სხვა ქვეყნებთან მათი მოიერიშე თვითმფრინავების შესახებ, რომელთაგან ზოგიერთი უფრო ჰგავს იმას, რომლის გამოყენებაც უკრაინელებმა იციან. ჩვენ დავადასტურეთ, რომ იქნება უკრაინელი პილოტების მომზადების პროგრამა და თავდაცვის მინისტრი აქტიურად განიხილავს, გავგზავნით თუ არა ჩვენ თვითმფრინავებს", - უთხრა პრემიერის პრესსპიკერმა ბრიტანულ მედიას.
შეგახსენებთ, დღეს, 8 თებერვალს დიდი ბრიტანეთის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დასავლეთს უკრაინისთვის თვითმფრინავების მიწოდებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.