
დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრის, რიში სუნაკის თქმით, არ შეიძლება, უკრაინა დაუცველი დარჩეს რუსეთის თავდასხმის დროს. სუნაკმა განცხადება უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
სუნაკის თქმით, უკრაინას იარაღი უნდა მიაწოდონ მოკლე ვადებში, მაგრამ გააძლიერონ ის გრძელვადიან პერსპექტივაში.
როგორც მან აღნიშნა, უკრაინელი სამხედროები, რომლებიც დიდ ბრიტანეთში გასულ კვირას ჩავიდნენ, ისწავლიან როგორ გამოიყენონ Challenger 2-ის ტიპის ტანკები. მისივე თქმით, ბრიტანეთი დათანხმდა, გააფართოოს სასწავლო პროგრამა, რომელმაც ბოლო 6 თვეში 10 000 ჯარისკაცი გაწვრთნა.
სუნაკის თქმითვე, ბრიტანეთი "დააჩქარებს უკრაინისთვის აღჭურვილობის მიწოდებას".
მედიასთან საუბრისას პრეზიდენტმა ზელენსკიმ სუნაკსა და ბრიტანელ ხალხს მხარდაჭერისთვის კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა.
"დღეს ძალიან ცხადია, რომ ჩვენ ერთად ვდგავართ. დიდი მადლობა ბრიტანელ ხალხს, მადლობა ერთიანობის 350 დღისთვის. მსურს ასევე მადლობა გადავუხადო უკრაინელ მებრძოლებს - თითოეულ ჯარისკაცს, სერჟანტს, ოფიცერს და გენერალს. ჩვენი ქვეყანა ყველაფერს აკეთებს და ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ დავრწმუნდეთ, რომ ფრონტის ხაზზე ყველაფერი მაქსიმალურად გვაქვს - მაქსიმუმი, რომელსაც სხვა წამყვანი ქვეყნები ფლობენ. უკრაინა იქნება იმ ქვეყნებს შორის, რომლებსაც ყველაფერი ექნება თავიანთი ხალხის დასაცავად", - თქვა ზელენსკიმ.
ცნობისთვის, მედიასთან გამოსვლამდე ორი ქვეყნის ლიდერი უკრაინელ ჯარისკაცებს დორსეტში შეხვდა, სადაც მებრძოლები Challenger 2-ის ტიპის ტანკების გამოსაყენებლად ტრენინგს გადიან.
შეგახსენებთ, 14 იანვარს დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, რიში სუნაკმა დაადასტურა, რომ ქვეყანა უკრაინას Challenger 2 ტანკებს გადასცემს. უკრაინელი ჯარისკაცები ბრიტანეთში წვრთნებისთვის გასულ კვირას ჩავიდნენ.