თუ ძიება მიმდინარეობდა და მანქანა ვერ აღმოაჩინეს, ე.ი. ის შემდგომშია მიყვანილი - ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი

გამოქვეყნდა:

თამარ ბაჩალიაშილის ოჯახს თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერა. დაღუპულის ადვოკატი და დამოუკიდებელი ექსპერტი ბაჩალიაშვილების თანხმობას ელოდებიან, რომ ექსპერტიზამ სრულად დაადგინოს სურათი, რა ვითარებაში დაიღუპა 23 წლის ახალგაზრდა ქალი. ასევე, გამოძიებამ უნდა გასცეს პასუხი კითხვას, თუ ეს თვითმკვლელობა იყო, რამ მიიყვანა თამარ ბაჩალიაშვილი ამ უმძიმეს გადაწყვეტილებამდე. საქმეში ცენტრ "ემპათიას" ექსპერტი გალინა კარმუშინაა ჩართული. დაღუპულის ცხედრის ექსპერტიზა სამხარაულის ბიუროში უკვე დასრულებულია.

ოჯახის ადვოკატსა და დამოუკიდებელ ექსპერტს, რომელიც სამხარაულის ექსპერტიზაში მონაწილეობდნენ, ბაჩალიაშვილის დაღუპვასთან დაკავშირებით მთელი რიგი კითხვები აქვთ. 

უფლებადამცველი ეჭვს გამოთქვამს, რამდენად ეფექტურად მიმდინარეობდა თამარ ბაჩალიაშვილის საძიებო სამუშაოები. 

"თუ იყო დათვალიერებული ადგილი, სადაც იყო აღმოჩენილი, თუ მიმდინარეობდა, რატომ ვერ იპოვნეს, იმიტომ რომ ისეთი სივრცეა, რომ შეუძლებელია ვერ აღმოეჩინათ, მაგრამ თუ მიმდინარეობდა და ვერ აღმოაჩინეს, ე.ი. მანქანა მიყვანილია შემდგომში და ძალიან ბევრი კითხვებია იმ კომპიუტერთან დაკავშირებითაც", - ამბობს მიხეილ რამიშვილი. 

აღსანიშნავია, რომ განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს ექსპერტიზის დასკვნაში ტოქსიკოლოგის პასუხი, რადგან ბაჩალიაშვილის ცხედართან აღმოჩენილ იქნა გარკვეული მედიკამენტები. გუშინ დასრულებული ექსპერტიზის პასუხები დაახლოებით 10 დღის შემდეგ გახდება ცნობილი.

შეგახსენებთ, რომ თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სახლიდან შაბათს გავიდა და სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი 22 ივლისს იპოვეს. მანამდე კი ეფექტური გამოძიების მოთხოვნით, გოგოს ახლობლებმა და ოჯახისწევრებმა პროტესტის ნიშნად გზა გადაკეტეს. ერთ-ერთი ვერსიით, ბაჩალიაშვილის გაუჩინარება მის სამსახურეობრივ საქმიანობას უკავშირდება.

აღსანიშნავია ისიც, რომ პოლიციამ დაკარგული თამარ ბაჩალიაშვილის კომპიუტერის პაროლი ვერ დაადგინა და დახმარება ისევ ოჯახს სთხოვა. გარდაცვლილის მამის ინფორმაციით, სპეციალისტებმა, კომპიუტერში მხოლოდ გაუჩინარებიდან 5 დღის თავზე შეაღწიეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი