ჩვენი კანონპროექტი არცერთ ასპექტში არაა იმაზე უხეში, ვიდრე მისი ამერიკული ანალოგი - "ხალხის ძალა"

გამოქვეყნდა:

უმრავლესობის დეპუტატების მოძრაობა "ხალხის ძალა" მორიგ განცხადებას ავრცელებს და ისევ ამტკიცებს, რომ "უცხოური გავლენის აგენტების" შესახებ მათ მიერ ინიცირებული კანონპროექტი "არცერთ ასპექტში არ არის იმაზე უხეში, ვიდრე მისი ამერიკული ანალოგი". 

განცხადებაში პარლამენტის წევრები ამბობენ, რომ მათი კანონპროექტი ამერიკული და რუსული კანონებისგან განსხვავებით, "სრულად თავსებადია სამართლებრივ სტანდარტებთან, მათ შორის ადამიანის უფლებების კუთხით". 

დეპუტატები რამდენიმე მაგალითს ასახელებენ იმის დასამტკიცებლად, რომ ამერიკულ კანონთან შედარებით ქართული უფრო "შერბილებულია".

"თამამად შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ მიერ ინიცირებული კანონპროექტი არცერთ ასპექტში არ არის იმაზე უხეში, ვიდრე მისი ამერიკული ანალოგი. მეტიც, როგორც უკვე აღინიშნა, ამერიკული კანონისგან განსხვავებით, ჩვენი კანონპროექტი სრულად თავსებადია ადამიანის უფლებების სტანდარტებთან. შემაშფოთებელია, რომ ამასთან დაკავშირებით სიცრუე რამდენიმე დღის წინ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერს გააჟღერებინეს.

რაც შეეხება რუსულ კანონს და მასთან ჩვენი კანონპროექტის შედარებას - გვინდა განვაცხადოთ, რომ ეს არის სამარცხვინო სპეკულაცია, რომელსაც ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეები სრულიად შეგნებულად ეწევიან.

რუსული კანონი ითვალისწინებს არა მხოლოდ უცხოელი აგენტებად რეგისტრირებული სუბიექტების საქმიანობის გამჭვირვალობის უზრუნველყოფას, არამედ მათთვის აწესებს მკაცრ შეზღუდვებსაც. კერძოდ, დგინდება დამატებითი ბარიერები შესაბამისი გაერთიანების რეგისტრაციისთვის, უცხოელებს ეკრძალებათ ამ გაერთიანების საქმიანობაში მონაწილეობა, ზედამხედველობის ორგანო უფლებამოსილია საჭიროების შემთხვევაში 6 თვით შეაჩეროს გაერთიანების საქმიანობა, გაერთიანებას ეკისრება დამატებითი საგადასახადო ტვირთი და ა.შ. გარდა ამისა, რუსული კანონის თანახმად, უცხოელ აგენტად რეგისტრაციისთანავე, ხორციელდება სუბიექტის სავალდებულო წესით მარკირება როგორც თავად ამ სუბიექტის, ისე სხვა ორგანიზაციების, მათ შორის მედიასაშუალებების მიერ.

ამ ფონზე, ჩვენი კანონპროექტის შედარება რუსულ კანონთან არის სამარცხვინო და ბინძური სპეკულაცია, რომელსაც პასუხგაუცემელს ვერ დავტოვებდით", - აცხადებს "ხალხის ძალა". 

დეპუტატების მტკიცებით, საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები ცდილობენ მათი კანონპროექტი ისე წარმოაჩინონ, თითქოს ის მიზანმიმართულად დასავლეთის დაფინანსების წინააღმდეგ არის მიმართული.

ცნობისთვის, 14 თებერვალს "ხალხის ძალამ" განაცხადა, რომ პარლამენტში აინიცირებენ კანონპროექტს, რომელიც უცხოური გავლენის აგენტების რეესტრის შექმნას ითვალისწინებს. კანონი საზღვარგარეთიდან შემოსული დაფინანსებით მოქმედი ორგანიზაციების საქმიანობას შეეხება. მათი მტკიცებით, კანონპროექტი აშშ-ში მოქმედი შესაბამისი კანონმდებლობის მიხედვით შეადგინეს და სხვა დემოკრატიული ქვეყნების "საუკეთესო პრაქტიკაც" გაითვალისწინეს. იხილეთ: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი