ბაჩალიაშვილისა და შაქარაშვილის საქმეებს პოლიციის გულგრილობა აერთიანებს - ოთო კახიძე

გამოქვეყნდა:

პოლიციის გულგრილობა არის ბაჩალიაშვილისა და შაქარაშვილის საქმეების გამაერთიანებელი, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" წევრმა ოთო კახიძემ გადაცემაში "დღის სტუმარი" ისაუბრა.  მისი თქმით, "ჩვენ რეალურად გვაქვს შევარდნაძის სისტემის რეანიმირებული ვერსია "ქართული ოცნების" სახით". 

გულგრილობა არის დემოტივირებული პოლიცია, რომელიც არ გრძნობს, რომ მისგან ითხოვენ დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას და არ გრძნობს ანგარიშვალდებულებას საზოგადოების წინაშე. სამაგიეროდ, ანგარიშვალდებულები არიან ივანიშვილის წინაშე, ივანიშვილის უსაფრთხოებაა დასაცავი, მინისტრი არის მისი დაცვის უფროსი. არანაირი დაკვეთა პოლიციას არ აქვს, რომ სახელმწიფო და ხელისუფლება არის შენს გვერდით, რომ შენ კრიმინალს დაუპირისპირდე, - თქვა კახიძემ. 

კახიძე ამბობს, რომ საგამოძიებო კომისიის მუშაობამ ფარდა ახადა, არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე, როგორ აფარებს ხელს სისტემა დამნაშავეებს. მისივე თქვმით, მართლმსაჯულების სისტემა ბოლომდე დისკრედიტირებულია და მათ ვერსიებს საზოგადოება აღარ ენდობა. 

19 წლის ფეხბურთელი, გიორგი შაქარაშვილი ზუსტად ერთი თვის წინ, 18-19 ივნისის ღამით გაუჩინარდა. საქმეზე, ამ დროისთვის, 17 პირია დაკავებული. თუმცა, ჯერჯერობით ისევ არ არის კონკრეტული პასუხი კითხვებზე: ვინ მოკლა გიორგი შაქარაშვილი და ვინ მფარველობს მოძალადეებს. რა მოხდა ამ ერთი თვის განმავლობაში, ამ საკითხზე "მთავარი არხი" საქმის მიმდინარეობის პარალელურად და ჩვენი ჟურნალისტური გამოძიების კვალდაკვალ, განახლებულ ინფორმაციას მუდმივ რეჟიმში შემოგთავაზებთ.

შეგახსენებთ, რომ გიორგი შაქარაშვილის ბიძა მირიან ნიკოლაძე და მოკლული ფეხბურთელის ოჯახი ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ „ტოიოტა ქამრის“ მგზავრებისთვის ბრალის დამძიმებას და მათი 109-ე მუხლით გასამართლებას ითხოვს.

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 31 ივლისს გაიმართება, მანამდე კი 27 ივლისს მცხეთის რაიონული სასამართლო, 17 დაკავებულიდან 11-სთვის აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვაზე იმსჯელებს.

თამარ ბაჩალიაშვილი კი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი შაბათს სახლიდან გავიდა და სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. მანამდე კი ეფექტური გამოძიების მოთხოვნით, გუშინ, გოგოს ახლობლებმა და ოჯახისწევრებმა პროტესტის ნიშნად გზა გადაკეტეს. ერთ-ერთი ვერსიით, ბაჩალიაშვილის გაუჩინარება მის სამსახურეობრივ საქმიანობას უკავშირდება.

ცნობისთვის, 25 ივლისს, პროკურატურამ ბაჩალიაშვილის მამა დაზარალებულად სცნო და საქმის გამოძიებას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაუმატა. გამოძიება, ამ ეტაპზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 115-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი