"თუ გინდა მშვიდად იმუშაო, ყოველთვე 500 ლარი უნდა გადაგვიხადოო" - "მთავარმა" გორში მომხდარი მკვლელობის საქმის მასალები მოიპოვა 

გამოქვეყნდა:

"მთავარი არხის" ინფორმაციით, გორში ბიზნესის რეკეტის საქმეზე შესაძლოა, ბრალდებულთა წრე გაფართოვდეს. "მთავარმა არხმა" საქმის მასალები მოიპოვა, რომელიც მიხედვით მტკიცდება, რომ საქმეში რამდენიმე პირი ფიგურირებს. მამედოვთან ერთად, შესაძლოა, დააკავონ დაჭრილი ვანო ღვინიაშვილი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე ფასდება მძიმედ. 

ბრალის დადგენილებიდან და ჩვენებებიდან ირკვევა, რომ რატი მამედოვი თანმხლებ პირებთან ერთად, საბაშვილების ოჯახს ყოველთვიურად 500 ლარსა და ავტოსერვისით უფასო სარგებლობას სთხოვდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ოჯახის წევრების მოკვლით ემუქრებოდა. 

"რამდენიმე თვის წინ ჩვენთან ავტოსახელოსნოში მოვიდნენ სადგურის დასახლებაში მცხოვრები ირაკლი კობერიძე და ვანო ღვინიაშვილი, რომლებმაც მოიყვანეს შავი ფერის მერსედესის მარკის ავტომანქანა, რომლის ნომრებიც არ მახსოვს და მთხოვეს ამ მანქანის შეღებვა, თანაც მთხოვეს , რომ მე მათთვის პატივი მეცა როგორც სადგურელებისთვის და ავტომანქანა უფასოდ შემეღება. მე მათ პატივი ვეცი და შევუღებე ავტომანქანა უფასოდ, თუმცა ამას არ დასჯერდნენ და შემდეგ ხშირად მოდიოდნენ და ავტომანქანების შეღებვასა და სხვადასხვა სერვისს მთხოვდნენ. დაახლოებით ერთი კვირის წინ ირაკლი და ვანო მოვიდნენ სახელოსნოში და მითხრეს, თუ გინდა მშვიდად იმუშაო, ყოველი თვის ბოლოს 500 ლარი უნდა გადაგვიხადო, თორემ სიმშვიდე არ იქნება და პრობლემები შეგექმნებაო. გუშინ ისინი ისევ იყვნენ მოსულები სახელოსნოში და მომთხოვეს ფულადი თანხა , რაზეც უარი ვუთხარი.

2023 წლის 28 თებერვალს, დაახლოებით 16:30-ზე ვიმყოფებოდი სახელოსნოში, რა დროსაც მოვიდნენ ირაკლი და ვანო შავი ფერის "მერსედესის" მარკის ჯიპით, მათ დანახვაზე გავღიზიანდი და ვუთხარი, რომ არ შევღებავდი მათ მანქანას და არც ფულს მივცემდი. გადავწყვიტე გავრიდებოდი მათ და ჩემი ავტომანქანით წავედი სოფელი ხიდისთავის მიმართულებით, რა დროსაც ისინი უკან გამომყვნენ.

გადმოვედი ავტომანქანიდან, გადმოვიღე მანქანაში ჩადებული ჩემზე ტარების უფლებით რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი, გადავტენე და პირდაპირ დამიზნებით მოკვლის მიზნით ვესროლე ვანოს ორჯერ თუ სამჯერ, არ მახსოვს. დავინახე, რომ ჩემი ნასროლი ტყვიები მინიმუმ ორი მოხვდა და დაეცა, ამის შემდეგ ასევე დამიზნებით, მოკვლის მიზნით ვესროლე ირაკლის, რომელსაც ასევე მოხვდა ტყვია და დაეცა",- ნათქვამია საბაშვილის ჩვენებაში. 

დღეს მოსამართლემ ამავე საქმეზე ფულის გამოძალვისა და მოტყუებით ქონების დაზიანების ბრალდებით დაკავებული რატი მამედოვი სასამართლომ წინასწარ პატიმრობაში გაუშვა. მოსამართლემ არ გაიზიარა დაცვის მხარის შუამდგომლობა, რომელიც საქმეში საკმარისი მტკიცებულებების არქონის გამო, მემდოვის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას მოითხოვდა.

ამავე თემაზე:

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი