
საქართველოში გერმანიის საელჩო მმართველი პარტიის გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც გაიწვევენ პარლამენტში ინიცირებულ რუსულ კანონს. საელჩოს შეფასებით, ეს სწორი და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა.
"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის გაწვევის გადაწყვეტილება სწორი და მნიშვნელოვანი ნაბიჯია. განსაკუთრებით მივესალმებით მოსახლეობასთან დიალოგის გამართვის ინიციატივას. პროცესში შესაბამისი ჯგუფების ჩართვა და პროფესიული დიალოგი ყველა დემოკრატიული საკანონმდებლო პროცესის საფუძველს წარმოადგენს.
მოვუწოდებთ ყველა მონაწილეს, ერთად გადადგან აუცილებელი ნაბიჯები საქართველოს ევროპული მომავლისათვის", - წერია საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
პროტესტისა და კრიტიკის შემდეგ "ქართულმა ოცნებამ", "ხალხის ძალამ" და საპარლამენტო უმრავლესობამ განაცხადეს, რომ რუსულ კანონპროექტს გამოიწვევენ. მათივე თქმით, ემოციური ფონის ჩაცხრომასთან ერთად, საზოგადოებას უკეთ განუმარტავენ რას ემსახურებოდა ეს კანონი, ასევე, მოსახლეობასთან შეხვედრებს დაიწყებენ, რათა ფართო საზოგადოებამ "სიმართლე" გაიგოს. იხილეთ: