იუსტიციის სამინისტრო "საფუძველს მოკლებულს" უწოდებს განცხადებას, რომ მიხეილ სააკაშვილთან პოლონელი მედიკოსების დაშვება ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩების იუსტიციის მინისტრთან შეხვედრის შედეგად გადაწყდა.
ბრეგაძის უწყება აცხადებს, რომ იუსტიციის მინისტრმა ჯერ კიდევ 29 ნოემბერს შესთავაზა სააკაშვილს ნებისმიერი უცხოური კლინიკიდან ნებისმიერი ექიმის ჩამოყვანა.
„იუსტიციის სამინისტრო ზოგიერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებული კიდევ ერთი ცრუ ინფორმაციის პასუხად განმარტავს: ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია განცხადება, თითქოს მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილთან პოლონელი მედიკოსების დაშვება ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩების იუსტიციის მინისტრთან შეხვედრის შედეგად გადაწყდა.
როგორც საზოგადოებისათვის ცნობილია, იუსტიციის მინისტრმა ჯერ კიდევ 29 ნოემბერს შესთავაზა პატიმარ სააკაშვილს ნებისმიერი უცხოური კლინიკიდან ნებისმიერი ექიმის ჩამოყვანა.
საგანგებოდ ამ საკითხზე გამართულ ბრიფინგზე იუსტიციის მინისტრმა განაცხადა: „გამომდინარე იმ მაღალი პასუხისმგებლობიდან, რომლითაც სახელმწიფო თითოეული ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ეკიდება, ახლაც გამოვთქვამთ მზადყოფნას და მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილს ვთავაზობთ, ჩამოიყვანოს ნებისმიერი უცხოური კლინიკიდან ნებისმიერი ექიმი, რომელიც ჩაერთვება მის მკურნალობაში“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
პოლონურმა მედიამ დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ EU-ს დემარშის შედეგად, "ოცნება" დათანხმდა მიხეილ სააკაშვილი პოლონელმა ექიმებმა გასინჯონ, რაც მოგვიანებით მესამე პრეზიდენტის ადვოკატმაც დაადასტურა.
შეგახსენებთ, ელჩებმა ევროკავშირის წევრი 27 ქვეყნის ოფიციალური დემარში საქართველოს იუსტიციის მინისტრს, რატი ბრეგაძეს 27 თებერვალს გადასცეს.