
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის თქმით, ნებისმიერმა ევროპულმა ქვეყანამ, რომელიც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) წევრია, უნდა დააპატიმროს რუსეთის პრეზიდენტი, თუ ის მათ ქვეყანაში ჩავა.
"ვფიქრობ, რომ ნებისმიერი, ვინც სასამართლოს წევრია და აქვს ვალდებულება, უნდა შეასრულოს თავისი მოვალეობა", - თქვა ბლინკენმა სენატორ ლინდსი გრემის დასმულ შეკითხვაზე პუტინის დაკავებასთან დაკავშირებით.
შეგახსენებთ, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ 17 მარტს პუტინის დაპატიმრების ორდერი გასცა. პუტინს ბრალად ედება 2022 წელს რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ უკრაინიდან ბავშვების უკანონო დეპორტაცია. ორდერი გაიცა რუსეთის ბავშვთა საკითხების ომბუდსმენის, მარია ლვოვა-ბელოვას დაკავებაზეც.
მოსკოვი ბრალდებებს უარყოფს, გაცემულ ორდერს გმობს და აცხადებს, რომ ქვეყანა ICC-ის იურისდიქციას არ ცნობს.