
სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა ოპოზიციონერ დეპუტატ ტარიელ ნაკაიძეზე დასმულ კითხვას არ უპასუხა. სახალხო დამცველის ოფისში იოსელიანი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე კითხვებს პასუხობდა, როდესაც ჟურნალისტებმა მას პარლამენტში მომხდარ დაპირისპირებაზე ჰკითხეს. ომბუდსმენმა კომენტარის გაკეთების ნაცვლად დუმილი არჩია.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, 22 მარტს პარლამენტის სხდომათა დარბაზში ნაკაიძე "ხალხის ძალის" დეპუტატებს სუბარსა და სხვებს ესაუბრებოდა, რა დროსაც დაპირისპირება მოხდა. "ქართული ოცნებიდან" ფორმალურად გასულმა "ხალხის ძალის" დეპუტატმა ვიქტორ ჯაფარიძემ ოპოზიციონერ ტარიელ ნაკაიძეს მიკროფონი ჩაარტყა. ვიქტორ ჯაფარიძის გარდა, ტარიელ ნაკაიძეს მიკროფონი საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან მგალობლიშვილმაც ესროლა.
უმრავლესობაში თქვეს, რომ მომხდარ დაპირისპირებას წინ "უმძიმესი შეურაცხყოფა" უძღოდა, ვინაიდან ნაკაიძემ ჯაფარიძეს მოღალატე უწოდა. ვინც მოღალატეს დამიძახებს, ყველა საკადრის პასუხს მიიღებს - ასე "განმარტა" ვიქტორ ჯაფარიძემ ნაკაიძისთვის მიკროფონის ჩარტყმა.
პარლამენტში მომხდარ დაპირისპირებაზე განმარტება გააკეთა თავად ნაკაიძემ და თქვა, რომ დაპირისპირებამდე "ხალხის ძალის" დეპუტატმა სოზარ სუბარმა მას აგენტი უწოდა, თუმცა არ დაუკონკრეტებია, ვისი.
დღეს კი ნაკაიძეს "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე დაესხა თავს და მას "მძიმე რეპუტაციის დეპუტატი" უწოდა.
ცნობისთვის, დღესვე, კობახიძემ განაცხადა, რომ "ლევან იოსელიანი არასდროს არ გახდება ნინო ლომჯარია"