ევროპარლამენტარები გვესაუბრებიან გვარამიას გათავისუფლებაზე, ბოროტმოქმედზე, რომელმაც თავისი კერძო კომპანიიდან მოიპარა 5 მილიონზე მეტი - ღარიბაშვილი

გამოქვეყნდა:

პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს "მთავარი არხის" გენერალურ დირექტორ, ნიკა გვარამიაზეც ისაუბრა და თქვა, რომ ის "ბოროტმოქმედია", რომელმაც საკუთარი კომპანიიდან 5 მილიონზე მეტი მოიპარა. 

ღარიბაშვილმა გაიხსენა ევროპარლამენტის რეზოლუცია, რომელშიც საუბარი იყო პოლიტიკურ პატიმრებზე და მას კიდევ ერთხელ უწოდა "სამარცხვინო".

პრემიერმინისტრის მტკიცებით, ევროპარლამენტარები ამ რეზოლუციით ამბობენ, რომ მიხეილ სააკაშვილი, დავით კეზერაშვილი და ნიკა გვარამია "მათი კრიმინალები" არიან.

"ევროპარლამენტმა მიიღო მორიგი სამარცხვინო რეზოლუცია რამდენიმე კვირის წინ და მათ თქვეს, თითქმის ტოლობის ნიშანი დაუწერს სააკაშვილსა და ჩვენ ქვეყანას, საქართველოს. პირდაპირ თქვეს, რომ თქვენი ხალხი არ გვაინტერესებს, არ გვაინტერესებს, რომ ეს ადამიანი, მისი რეჟიმი კლავდა, აუპატიურებდა, ჩაგრავდა, არ არსებობდა მედიათავისუფლება, არ არსებობდა სასამართლო დამოუკიდებელი. აბსოლუტურად არავითარი დემოკრატიის ნიშანწყალი არ არსებობდა ქვეყანაში. იგი არის დეკლარირებული, დადასტურებული კრიმინალი, სააკაშვილი, რომელიც დღეს კერძო კლინიკაში იხდის სასჯელს, ამის მიუხედავად გვითხრეს, რომ ეს ყველაფერი არ აინტერესებთ, ვიცით, რომ სააკაშვილი არის კრიმინალი, მაგრამ ის ჩვენი კრიმინალია.

რა გვითხრეს კეზერაშვილზე, ადამიანი რომელიც არის ელიტური კორუფციის ფუძემდებელი საქართველოში, მძარცველი ჯარის, ბიზნესის რეკეტიორი, და ევროპელი პენსიონერების მძარცველი ქურდი, რომლის თაობაზე ძალიან ბევრი ქვეყნის პროკურატურა აწარმოებს გამოძიებებს და ჩვენ ვართ ჩართული, ვართ კოორდინაციაში. კეზერაშვილზე გვეუბნებიან, რომ არ აინტერესებთ რომ ეს კაცი იყო მძარცველი, ატერორებდა ბიზნეს, ახლა ძარცვავს ევროპელ პენსიონერებს, იგი არის კრიმინალი, მაგრამ არის მათი კრიმინალი.

ასევე გვესაუბრნენ და მოგვიწოდეს, მედიამენეჯერის გვარამიას გათავისუფლების თაობაზე, ვინ არის გვარამია, შევახსენებ საზოგადოებას, ჩვენ დეპუტატებს, გვარამია იყო ადამიანი, რომელიც ერთ-ერთი მთავარი ბოროტმოქმედი, შემოქმედი იყო ამ დანაშაულებრივი სისტემის, იგი იყო პროკურორის მოადგილე, იყო ჩართული პირდაპირ მაგალითად "იმედის" წართმევის საქმეში, მისი  უშუალო მონაწილეობით მოხდა აღნიშნული დანაშაულებრივი საქმის განხორციელება, ბატონ გვარამიაზეც გვეუბნებიან, რომ მიუხედავად იმისა, რომ მან გაძარცვა ახლა თავისი კერძო კომპანია, მოიპარა 5 მილიონზე მეტი, ზარალი მიაყენა, არ გვაინტერესებს, ის არის ჩვენი კრიმინალი. 

ჩვენთვის ეს არის კატეგორიულად მიუღებელი, როგორც სუვერენული, დამოუკიდებელი სახელმწიფოსთვის, ეს არის  შეურაცხყოფა ჩვენი ხალხის და ჩვენი ქვეყნის", - თქვა ღარიბაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ "ოცნების" სასამართლომ "მთავარი არხის" გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას 16 მაისს, აბსურდული ბრალდებით, "მანქანის გამოყენების ეპიზოდზე" 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. "მთავარ არხის" გენერალური დირექტორი გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაციის Amnesty International-ის მიერ აღიარებულია პოლიტიკურ პატიმრად, ნიკა გვარამიას საქმე არაერთხელ მოხვდა სახ.დეპის ანგარიშში. ევროპარლამენტმა მიიღო არაერთი რეზოლუცია, რომელშიც ხელისუფლებას პოლიტპატიმარი ნიკა გვარამიას გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი