ჩვენ ისეთი რეფორმები გავატარეთ, რომ კანონით ქალი კბილებამდე შეიარაღებულია - წულუკიანი სამხარაძეზე

გამოქვეყნდა:

კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანის მტკიცებით, "ქართულმა ოცნებამ" გაატარა ისეთი რეფორმები, რომ კანონით დღეს ქალი კბილებამდე შეიარაღებულია უფლებების დასაცავად. მისივე თქმით, არ აქვს ინფორმაცია თათია სამხარაძის გარშემო განვითარებული მოვლენებთან დაკავშირებით.

"არ ვიცი რაზე მესაუბრებით, არ ვიცნობ ამ ქალბატონს, მაგრამ არ აქვს მნიშვნელობა ვინ არის და რას წარმოადგენს. მე ვარ, სწორედ აღნიშნეთ და სავსებით სამართლიანად, ის ქალი მინისტრი, ვინც 2014 წლის 19 ივნისს სტრასბურგში, გენ მდივანთან ერთად, ხელი მოვაწერე ისეთ ფუძემდებლურ დოკუმენტს ქალთა უფლებების დაცვის სფეროში, რომელსაც ჰქვია სტამბულის კონვენცია და შემდეგ, იუსტიციის მინისტრობისას, ფუნდამენტურ რეფორმას ჩავუდექი სათავეში და ქართული ოცნების ხელისუფლებამ რატიფიკაცია გააკეთა ქალთა და გოგონების უფლებებისთვის ამ კონვენციის პარლამენტში, მოხდა რატიფიცირება.

შესაბამისად, მე არ შეიძლება მქონდეს, მიუხედავად იმისა, რომ არ ვიცნობ სიტუაციას, რაზეც მესაუბრებით, განსხვავებული პოზიცია, გარდა იმისა, რომ ქალის უფლებები უნდა იყოს დაცული. ამისთვის, ვინც არ უნდა იყოს ის, გვარად სამხარაძე თუ ქიბროწაშვილი, ჩვენ ისეთი რეფორმები გავატარეთ, რომ კანონით დღეს, ქალი ჩვენს ქვეყანაში არის ბოლომდე კი არა, კბილებამდე შეიარაღებული, რომ თავისი უფლებები დაიცვას. იმედი მაქვს, რომ თუ მისი უფლებები დაირღვა, ის ამას შეძლებს", - თქვა წულუკიანმა. 

ამავე პასუხის დროს მან კრიტიკული მედია დაადანაშაულა მასთან სახლში მივარდნაში და ჟურნალისტს უთხრა, რომ სანამ შეწუხდებიან და "ქალწულებრივ შეშფოთებას" გამოთქვამენ ვინმესთან სახლში მივარდნასთან დაკავშირებით, რამდენჯერმე დაფიქრდნენ:

"სანამ სიტყვებს გამოთქვამთ, სახლში მივარდნა როგორ შეიძლებაო სამჯერ დაფიქრდით, თუ ღმერთი არ გწამთ, ხუთჯერ დაფიქრდით", - უთხრა მან ჟურნალისტს.

ცნობისთვის, 26 მარტს თათია სამხარაძემ Facebook-ზე გაავრცელა ვიდეო, სადაც ამბობს, რომ "პოსტივი" იტყუება, თითოს ის ენმ-ის წევრის, დიმა ჩიქოვანის ბინიდან ვერ გამოდის, აქვს ჩალურჯებები. სამხარაძე ვიდეოს სახლიდან წერს, სადაც მამამისთან ერთადაა და ამბობს, რომ არანაირი დაზიანებები მას არ აქვს.

24 მარტს, გვიან ღამით, ენმ-ის წევრის, დიმიტრი ჩიქოვანის სახლში, წერეთლის გამზირზე, მთელი ღამის განმავლობაში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობდა. მასთან  პოლიცია POS TV-ის მიერ, 112-ში განხორციელებულო ზარის შემდეგ მივიდა. უწყებაში "ჟურნალისტმა" ნათია ბერიძემ დარეკა და განაცხადა, რომ დავით კეზერაშვილის ცოლის ძმამ,  სავარაუდოდ, თათია სამხარაძე გაიტაცა.  

შსს-მ გამოძიება ძალადობისა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის მუხლებით დაიწყო, თუმცა სამართალდამცველებმა დანაშაულის ნიშნები ვერ ნახეს და შესაბამისად დაკავებულიც არავინაა. 

სამხარაძის თქმით, იმის მაგივრად რომ საგამოძიებო უწყებები სერიოზულად ინტერესდებოდნენ იმ დანაშაულებით, რომლებსაც შალვა რამიშვილი ჩადის, "პოსტივისთან" ერთად ჰიბრიდულ სპეცოპერაციებს დგამენ და ცრუ დასმენით, სახლში უვარდებიან ოპოზიციური პარტიის წევრს. ის ამბობს, რომ მისი უსაფრთხოება, როგორც ქალთა უფლებადამცველი აქტივისტის, საქართველოში საფრთხეშია.

თათია სამხარაძემ  POSTV-ის ხელმძღვანელ, შალვა რამიშვილს ტელეკომპანია "იმედში" ყოფნის დროს, 2016 წელს უჩივლა სექსუალური შევიწროების გამო და დავა მოიგო. რამიშვილმა გადაწყვეტილება სააპელაციოში გაასაჩივრა, თუმცა სასამართლომ საქალაქოს გადაწყვეტილება დატოვა ძალაში. რამიშვილს აღნიშნული უზენაესში აღარ გაუსაჩივრებია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი