"სამართლიანი არჩევნების" აღმასრულებელი დირექტორი, ნინო დოლიძე თათია სამხარაძეს სოლიდარობას უცხადებს და ამბობს, რომ არც ის და არც სხვა ქალები მარტოები არ არიან. დოლიძე ამბობს, რომ მხარს დაუჭერენ ქალებს მათი უფლებებისთვის ბრძოლაში.
"მინდა გამოვხატო ჩემი მხარდაჭერა და სოლიდარობა თათია სამხარაძის მიმართ, რომელიც ამჟამად განიცდის უზარმაზარ ზეწოლას და რომლის წინააღმდეგაც მიმართულია მთელი პროპაგანდისტული მანქანა.
სექსუალური შევიწროებაზე საუბარს დიდი ძალა და გამბედაობდა სჭირდება, რადგან ეს არის ძალიან ტრავმული გამოცდილება.
მინდა თათიამ და ყველა ქალმა იცოდეს, რომ მარტო არ არიან და მხარს ვუჭერთ მათი უფლებებისთვის ბრძოლაში", - წერს დოლიძე.
ცნობისთვის, თათია სამხარაძემ ცოტა ხნის წინ დაწერა, რომ მას სადარბაზოსთან რამდენიმე ჯგუფი ყარაულობს და POSTV-დან ნათია ბერიძე ისევ მიუვარდა სახლში:
ცნობისთვის, 26 მარტს თათია სამხარაძემ Facebook-ზე გაავრცელა ვიდეო, სადაც ამბობს, რომ "პოსტივი" იტყუება, თითოს ის ენმ-ის წევრის, დიმა ჩიქოვანის ბინიდან ვერ გამოდის, აქვს ჩალურჯებები. სამხარაძე ვიდეოს სახლიდან წერს, სადაც მამამისთან ერთადაა და ამბობს, რომ არანაირი დაზიანებები მას არ აქვს.
24 მარტს, გვიან ღამით, ენმ-ის წევრის, დიმიტრი ჩიქოვანის სახლში, წერეთლის გამზირზე, მთელი ღამის განმავლობაში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობდა. მასთან პოლიცია POS TV-ის მიერ, 112-ში განხორციელებულო ზარის შემდეგ მივიდა. უწყებაში "ჟურნალისტმა" ნათია ბერიძემ დარეკა და განაცხადა, რომ დავით კეზერაშვილის ცოლის ძმამ, სავარაუდოდ, თათია სამხარაძე გაიტაცა.
შსს-მ გამოძიება ძალადობისა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის მუხლებით დაიწყო, თუმცა სამართალდამცველებმა დანაშაულის ნიშნები ვერ ნახეს და შესაბამისად დაკავებულიც არავინაა.
სამხარაძის თქმით, იმის მაგივრად რომ საგამოძიებო უწყებები სერიოზულად ინტერესდებოდნენ იმ დანაშაულებით, რომლებსაც შალვა რამიშვილი ჩადის, "პოსტივისთან" ერთად ჰიბრიდულ სპეცოპერაციებს დგამენ და ცრუ დასმენით, სახლში უვარდებიან ოპოზიციური პარტიის წევრს. ის ამბობს, რომ მისი უსაფრთხოება, როგორც ქალთა უფლებადამცველი აქტივისტის, საქართველოში საფრთხეშია.
თათია სამხარაძემ POSTV-ის ხელმძღვანელ, შალვა რამიშვილს ტელეკომპანია "იმედში" ყოფნის დროს, 2016 წელს უჩივლა სექსუალური შევიწროების გამო და დავა მოიგო. რამიშვილმა გადაწყვეტილება სააპელაციოში გაასაჩივრა, თუმცა სასამართლომ საქალაქოს გადაწყვეტილება დატოვა ძალაში. რამიშვილს აღნიშნული უზენაესში აღარ გაუსაჩივრებია.