
ბრიტანეთის მიერ უკრაინისთვის გაგზავნილი ტანკები, Challenger 2 უკრაინაში ჩავიდა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი Twitter-ზე ავრცელებს.
რეზნიკოვი საკუთარ გვერდზე ბრიტანული ტანკების ვიდეოსაც აქვეყნებს, რომლებსაც კორპუსზე უკრაინული დროშები აქვთ დამაგრებული.
როგორც იგი წერს, უკრაინამ ტანკები ახლახან მიიღო.
"სასიამოვნო იყო პირველი უკრაინული Challenger 2-ით გადაადგილება. ეს ტანკები, რომელიც დიდმა ბრიტანეთმა მოგვაწოდა, ახლახან ჩამოვიდნენ ჩვენს ქვეყანაში. ეს ფანტასტიკური მანქანები მალე დაიწყებენ საბრძოლო მისების შესრულებას. მადლობა, რიში სუნაკს, ბენ უალასს და ბრიტანელ ხალხს", - წერს რეზნიკოვი Twitter-ზე.
თავდაცვის მინისტრი არ აკონკრეტებს თუ რამდენი ტანკი ჩავიდა ქვეყანაში.
შეგახსენებთ, რომ თავდაპირველად ბრიტანეთმა უკრაინას 14 ერთეული Challenger 2 გაუგზავნა. მოგვიანებით კი, დიდ ბრიტანეთში უკრაინის ელჩმა, ვადიმ პრისტაიკომ განაცხადა, რომ ქვეყანაში 14 ტანკის მაგივრად 28 Challenger 2-ს გააგზავნიან.