შალვა რამიშვილზე პოლიტიკურად კოორდინირებული თავდასხმა ჩემთვის არის მიუღებელი - კობახიძე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე კიდევ ერთხელ იმეორებს, რომ POSTV-ის ხელმძღვანელის, შალვა რამიშვილის წინააღმდეგ კოორდინირებული თავდასხმა მიმდინარეობს. მისივე მტკიცებით, სადაც საჭიროა პოზიციის გამოხატვა, იქ სათანადო პოზიციას გამოხატავენ.

რამიშვილი სექსუალურ შევიწროებაში ბოლო დღეების განმავლობაში რამდენიმე ქალმა ამხილა.

"მთავარია არავის არ ჰქონდეს ორმაგი სტანდარტი. ჩვენ არ გვაქვს ორმაგი სტანდარტი. ჩვენ ვამბობთ რას, თუ სადმე არის სამართლებრივი პრობლემები ის უნდა გადაწყდეს სამართლებრივად, მაგრამ რაც შეეხება პოლიტიკურ კოორდინაციას კონკრეტული ადამიანის მიმართ, რომელიც არის კონკრეტული ტელევიზიის წარმომადგენელი, კრიტიკული მედიის წარმომადგენელი, მასზე პოლიტიკურად კოორდინირებული თავდასხმა ჩემთვის არის მიუღებელი, ვგულისხმობ შალვა რამიშვილს. არიან სხვა სუბიექტები, მაგალითად ნაცმოძრაობასთან დაკავშირებული, ისინიც არიან ხოლმე შემჩნეული ქალთა მიმართ არასწორ დამოკიდებულებაში, მაგრამ მათ მიმართ ასეთი პოლიტიკური კოორდინაცია ჩვენ არასდროს გვინახავს", - თქვა კობახიძემ. 

მისივე თქმით, როცა სალომე ზურაბიშვილი იყო პრეზიდენტობის კანდიდატი და მასზე "კოორდინირებული", "ფაშისტური შეტევა" ხდებოდა, არ ახსენდება რომელიმე NGO-სა და პოლიტიკური პარტიის განცხადება, რაც მათ ორმაგ სტანდარტზე მეტყველებს.

კითხვაზე, ამბობთ, რომ მოსყიდულები არიან ეს ქალები კეზერაშვილის მიერ, კობახიძე პასუხობს:

"კი, კი, კეზერაშვილის კოორდინაცია პირდაპირ იკვეთება ამ ყველაფერში, მისი ცოლის ძმა უშუალოდ არის ჩართული ამ კოორდინაციაში. მე ასე ყველა ქალზე როგორ ავიღო პასუხისმგებლობა, მაგრამ რაც შეეხება პოლიტიკურ ინტერესს, პირდაპირ იკვეთება პოლიტიკური ინტერესი და კოორდინაცია საქმის მიმართ"

რა ხდება:

ბოლო დღეების განმავლობაში შალვა რამიშვილის სექსუალურ შევიწროებაში კიდევ რამდენიმე ქალმა ამხილა. "ფორმულამ" გაავრცელა ანანია გაჩეჩილაძის მიერ გაკეთებული აუდიო ჩანაწერიც, რომელმაც რამიშვილის წინააღმდეგ პოლიციასაც მიმართა. ამ ისტორიების გასაჯაროების შემდეგ თავდასხმა დაიწყო თათია სამხარაძეზე. 

თათია სამხარაძემ  POSTV-ის ხელმძღვანელ, შალვა რამიშვილს ტელეკომპანია "იმედში" ყოფნის დროს, 2016 წელს უჩივლა სექსუალური შევიწროების გამო და დავა მოიგო. რამიშვილმა გადაწყვეტილება სააპელაციოში გაასაჩივრა, თუმცა სასამართლომ საქალაქოს გადაწყვეტილება დატოვა ძალაში. რამიშვილს აღნიშნული უზენაესში აღარ გაუსაჩივრებია.

26 მარტს თათია სამხარაძემ Facebook-ზე გაავრცელა ვიდეო, სადაც ამბობს, რომ "პოსტივი" იტყუება, თითოს ის ენმ-ის წევრის, დიმა ჩიქოვანის ბინიდან ვერ გამოდის, აქვს ჩალურჯებები. სამხარაძე ვიდეოს სახლიდან წერს, სადაც მამამისთან ერთადაა და ამბობს, რომ არანაირი დაზიანებები მას არ აქვს.

24 მარტს, გვიან ღამით, ენმ-ის წევრის, დიმიტრი ჩიქოვანის სახლში, წერეთლის გამზირზე, მთელი ღამის განმავლობაში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობდა. მასთან  პოლიცია POS TV-ის მიერ, 112-ში განხორციელებულო ზარის შემდეგ მივიდა. უწყებაში "ჟურნალისტმა" ნათია ბერიძემ დარეკა და განაცხადა, რომ დავით კეზერაშვილის ცოლის ძმამ,  სავარაუდოდ, თათია სამხარაძე გაიტაცა.  

შსს-მ გამოძიება ძალადობისა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის მუხლებით დაიწყო, თუმცა სამართალდამცველებმა დანაშაულის ნიშნები ვერ ნახეს და შესაბამისად დაკავებულიც არავინაა. 

სამხარაძის თქმით, იმის მაგივრად რომ საგამოძიებო უწყებები სერიოზულად ინტერესდებოდნენ იმ დანაშაულებით, რომლებსაც შალვა რამიშვილი ჩადის, "პოსტივისთან" ერთად ჰიბრიდულ სპეცოპერაციებს დგამენ და ცრუ დასმენით, სახლში უვარდებიან ოპოზიციური პარტიის წევრს. ის ამბობს, რომ მისი უსაფრთხოება, როგორც ქალთა უფლებადამცველი აქტივისტის, საქართველოში საფრთხეშია.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი