დიდი ხანია შეშფოთებული ვართ საქართველოში დემოკრატიული უკუსვლით - სახ.დეპის მაღალჩინოსანი

გამოქვეყნდა:

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებმა, ანონიმურობის პირობით, "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში ისაუბრეს მიზეზებზე, რის გამოც, ამერიკამ ქართველ მოსამართლეების სანქციები დაუწესა.

მედიასთან სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი განმარტავს, რომ ის გადაწყვეტილება, რაც ვაშინგტონში მიიღეს სანქცია არაა და მნიშვნელოვანია, რომ განსხვავება ამ ორს შორის მკაფიოდ იყოს განმარტებული:

"ტექნიკურად ეს სანქციები არა, ეს ვიზის შეზღუდვაა. მათ შორის განსხვავებაა. მაგალითად მაგნიტსკის გლობალური აქტის სანქციები, რომელიც ამერიკის სახაზინო დეპარტამენტს აქვს მიღებული, გულისხმობს ფინანსურ სასჯელსაც. სანქციებს შეუძლიათ გაყინონ ასეთები, დაბლოკონ ფინანსური გადარიცხვები ამერიკის მოქალაქეს, თუ კომპანიებსა და სანქცირებულებს შორის და ა.შ ეს მხოლოდ ვიზის შეზღუდვებია",- ამბობს სახელმწიფო დეპარტამენტის პოლიტიკის ექსპერტი.

სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი "ამერიკის ხმასთან" საუბარში განმარტავს, რომ ოთხი მოსამართლისა და მათი ოჯახებისთვის ამერიკაში მოგზაურობის აკრძალვა პოლიტიკური გადაწყვეტილება არაა და ის საქართველოს დასჯად არ ისახავს მიზნად. 

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტში განმარტავენ, რომ ამ ოთხი მოსამართლისთვის პასუხისგების გარდა, ამ გადაწყვეტილებას სხვა მოტივებიც აქვს: "ეს ქმედება აჩვენებს ჩვენს ერთგულებას საქართველოს დემოკრატიული განვითარების სამომავლოდაც მხარდაჭერაში, ასევე იმის აუცილებლობას, რომ ქართველმა ოფიციალურმა პირებმა უნდა გადადგან საჭირო ნაბიჯები აუცილებელი რეფორმების გასატარებლად, რათა დარწმუნდნენ, რომ არსებობს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლო. ჩვენ დიდი ხანია შეშფოთებული ვართ საქართველოში დემოკრატიული უკუსვლით, განსაკუთრებით სასამართლო სისტემაში მიუკერძოებლობისა და დამოუკიდებლობის ნაკლებობის გამო".

სახელმწიფო დეპარტამენტში ამბობენ, რომ დამოუკიდებელი სასამართლო და მიუკერძოებელი მართლმსაჯულება ევროკავშირის 12 მოთხოვნიდან ერთ-ერთია, იმისთვის კი, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს ყველა ეს უნდა შესრულდეს. სახ.დეპში ამბობენ, რომ მათი სურვილია ქართველ ხალხს დაეხმარონ ამ მიზნის მიღწევაში.

"მინდა დავარწმუნო, როგორც საქართველოს მთავრობა, ასევე ქართველი ხალხი, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ერთგული რჩება დაეხმაროს საქართველოს ნებისმიერი გზით, რომ შეასრულოს ის ნაბიჯები, რომელიც გასულ წელს ევროკავშირმა წარუდგინა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად.

სასამართლოს დამოუკიდებლობის გარანტირება ერთ-ერთი პრიორიტეტი იყო, რომლისკენაც ევროკავშირი "ქართულ ოცნების" მთავრობას მოუწოდებდა. შესაბამისად, ვიმედოვნებთ, რომ ეს ქმედება წაახალისებს "ქართულ ოცნებას", რომ გამოიძიოს და აღმოფხვრას კორუფცია, რომ გაატაროს საჭირო რეფორმები, რათა გარანტირებული იყოს მიუკერძოებელი სასამართლო და რომ ეს მოხდეს ინკლუზიურად",- ამბობს სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი