
მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, დღეს პრემიერმინისტრი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს შეხვდება.
ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრა მოსამართლეებმა მას შემდეგ მოითხოვეს, რაც ამერიკამ სამი მოქმედი და ერთი ყოფილი მათი კოლეგა დაასანქცირა.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა დიმიტრი გვრიტიშვილმა თქვა, რომ ღარიბაშვილს ინფორმაციას მიაწვდიან "კულუარულ ზეწოლებზე".
"ჩვენ მას დეტალურად წარვუდგენთ იმ ინფორმაციას, რომელიც გვაქვს, აი, იმ კულუარულ ზეწოლებზე, რაზეც ლევანი საუბრობდა, რაზეც მე ვლაპარაკობ. სრულყოფილ ინფორმაციას მხოლოდ მას მივაწვდი", - თქვა გვრიტიშვილმა 6 აპრილს.
"კულუარულ ზეწოლებზე" პირველი განცხადება იუსტიციის საბჭოს სხდომაზე სანქცირებულმა მურუსიძემ გააკეთა. ის ამტკიცებს, რომ აშშ-ის საელჩოს სასამართლო სისტემის კონტროლი სურს. სანქცირებულმა მოსამართლემ "იმედის" ეთერში თქვა, რომ სურდა ღარიბაშვილი ჩაეყენებინა საქმის კურსში, თუ რა საფრთხეები ემუქრება მართლმსაჯულების სისტემას, რა თავდასხმები ხორციელდება ამერიკის საელჩოს მხრიდან.
შეგახსენებთ, რომ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა მოსამართლე ჩინჩალაძე, მურუსიძე, შენგელია და ცერცვაძე კორუფციის გამო დაასანქცირა. როგორც ცნობილია, აშშ-ში შესვლა მათ და მათი ოჯახის წევრებსაც აეკრძალათ.