ამ წუთებში საქალაქო სასამართლოში გიორგი რურუას პროცესი იწყება - პატიმარი უკვე მოიყვანეს სასამართლო დარბაზში. მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა დღეს განაჩენი უნდა გამოაცხადოს. განაჩენი დაახლოებით 11-ის ნახევრისთვის გახდება ცნობილი.
"ნაციონალური მოძრაობის" პოლიტაბჭოს წევრი სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება განსაზღვრავს არა მხოლოდ გიორგი რურუას მომავალს, არამედ იმას, თუ როგორ შეხედავენ საერთაშორისო პარტნიორები ჩვენს ქვეყნის ქვეყანას.
გიორგი რურუას უსამართლოდ ციხეში დატოვება გაამწვავებს პოლიტიკურ პოლარიზაციას და არ შექმნის იმ გარემოს, რომელიც ჩვენ გვჭირდება დღეს ქვეყანაში, - განაცხადა მან.
"ევროპული საქართველოს" წევრი ელენე ხოშტარია მიიჩნევს, რომ სამწუხაროა, რომ დღეს ვცხოვრობთ ისეთ ქვეყანაში, სადაც სასამართლო ასრულებს პოლიტიკური დაკვეთებს.
გიორგი რურუას ჩაუდეს იარაღი. წერტილი. და დღეს ის იდევნება ამ სისტემის მიერ. ეს სისტემა აუცილებლად გადაიხდის ფასს იმაში, რომ კიდევ ერთი ადამიანი იდევნება და კიდევ ერთი ადამიანი იჭყლიტება სისტემის მხრიდან,- თქვა ხოშტარიამ.
სასამართლოს ეზოში შეკრებილი არიან გიორგი რურუას მეგობრები და სამოქალაქო აქტივისტები. მათი თქმით, დღეს სასამართლო არა მხოლოდ გიორგი რურუას გამოუტანს განაჩენს, არამედ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმს.
შეგახსენებთ, რომ გიორგი რურუა 2019 წლის 18 ნოემბერს დააკავეს. გამოძიება მას ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავებოდა, თუმცა საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულება პროკურატურის ვერსიას არ ადასტურებდა. რურუას დაცვის მხარემ რამდენიმეთვიანი სასამართლო პროცესების განმავლობაში, არაერთხელ დააყენა მისი გათავისუფლების შუამდგომლობა, თუმცა სასამართლო ამ გადაწყვეტილებას არ იღებდა.
პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ფასილიტატორი ელჩების შუამავლობის შედეგად, ხელისუფლებისა და ოპოზიციას შორის მიღწეული, 8 მარტის შეთანხმება გულისხმობდა. გიორგი რურუას დაკავებაში პოლიტიკურ მოტივებს ხედავდნენ საერთაშორისო პარტნიორები და საქართველოს ხელისუფლებას მისი გათავისუფლებისა და პოლიტიკური დევნის შეწყვეტისკენ მოუწოდებდნენ. რურუას გათავისუფლება 8 მარტის შეთანხმების ერთ-ერთი ნაწილიც იყო, თუმცა ხელისუფლებამ ეს პირობა არ შეასრულა.