"ქართული ოცნების" წევრები ამბობენ, რომ ქვეყანაში პოლიტპატიმრები არ არიან და 8 მარტის შეთანხმებაში გიორგი რურუა ნახსენები არ ყოფილა. გიორგი რურუას შეწყალებასთან დაკავშირებით პრემიერმინისტრი გიორგი გახარია ამბობს, რომ საქართველოს მართლმსაჯულება გამჭვირვალეა და ბოლო წლების განმავლობაში პროგრესს განიცდის.
საქართველოს სასამართლომ და მართლმსაჯულების სისტემამ გამოიტანა განაჩენი ადამიანთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმეზე. აქ არანაირ კომენტარს არ გავაკეთებ, თუ ადამიანმა დანაშაული ჩაიდინა, უნდა მოიხადოს და უნდა იჯდეს, ან შემდგომ უნდა გამოვიდეს. შეწყალება არის სრულად პრეზიდენტის დისკრეცია, წარმოდგენა არ მაქვს, შეიწყალებს თუ არა, - აცხადებს პრემიერი.
მისი თქმით, თუ ადამიანმა დანაშაული ჩაიდინა, იმიტომ, რომ მას ვიღაც პოლიტპატიმარს ეძახის ან ტელევიზიის მფლობელია, ეს არ უნდა იყოს დანაშაულის თავიდან არიდებისთვის ალიბი.
გიორგი რურუას დღეს, 30 ივლისს მოსამართლე ვლადიმერ ბუგიანიშვილმა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. განაჩენის გამოცხადებიდან ცოტა ხნის შემდეგ გიორგი რურუამ Facebook-ის საკუთარ გვერდზე სტატუსი გამოაქვეყნა, სადაც წერს, რომ "სიმართლე ყოველთვის იპოვნის გზას".
დაცვის მხარე აღნიშნულ განაჩენს პოლიტიკურ გადაწყვეტილებად აფასებს და მის სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს.
შეგახსენებთ, რომ გიორგი რურუა 2019 წლის 18 ნოემბერს დააკავეს. გამოძიება მას ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავებოდა, თუმცა საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულება პროკურატურის ვერსიას არ ადასტურებდა. რურუას დაცვის მხარემ რამდენიმეთვიანი სასამართლო პროცესების განმავლობაში, არაერთხელ დააყენა მისი გათავისუფლების შუამდგომლობა, თუმცა სასამართლო ამ გადაწყვეტილებას არ იღებდა.
პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ფასილიტატორი ელჩების შუამავლობის შედეგად, ხელისუფლებისა და ოპოზიციას შორის მიღწეული, 8 მარტის შეთანხმება გულისხმობდა. გიორგი რურუას დაკავებაში პოლიტიკურ მოტივებს ხედავდნენ საერთაშორისო პარტნიორები და საქართველოს ხელისუფლებას მისი გათავისუფლებისა და პოლიტიკური დევნის შეწყვეტისკენ მოუწოდებდნენ. რურუას გათავისუფლება 8 მარტის შეთანხმების ერთ-ერთი ნაწილიც იყო, თუმცა ხელისუფლებამ ეს პირობა არ შეასრულა.