მეგობრებო, მხნედ და მშვიდად, სიმართლე ყოველთვის პოულობს თავის გზას! - გიორგი რურუა Facebook-ის საკუთარ გვერდზე სტატუსს აქვეყნებს.
გიორგი რურუას დღეს, 30 ივლისს მოსამართლე ვლადიმერ ბუგიანიშვილმა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
დაცვის მხარე აღნიშნულ განაჩენს პოლიტიკურ გადაწყვეტილებად აფასებს და მის სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს.
შეგახსენებთ, რომ გიორგი რურუა 2019 წლის 18 ნოემბერს დააკავეს. გამოძიება მას ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავებოდა, თუმცა საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულება პროკურატურის ვერსიას არ ადასტურებდა. რურუას დაცვის მხარემ რამდენიმეთვიანი სასამართლო პროცესების განმავლობაში, არაერთხელ დააყენა მისი გათავისუფლების შუამდგომლობა, თუმცა სასამართლო ამ გადაწყვეტილებას არ იღებდა.
პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ფასილიტატორი ელჩების შუამავლობის შედეგად, ხელისუფლებისა და ოპოზიციას შორის მიღწეული, 8 მარტის შეთანხმება გულისხმობდა. გიორგი რურუას დაკავებაში პოლიტიკურ მოტივებს ხედავდნენ საერთაშორისო პარტნიორები და საქართველოს ხელისუფლებას მისი გათავისუფლებისა და პოლიტიკური დევნის შეწყვეტისკენ მოუწოდებდნენ. რურუას გათავისუფლება 8 მარტის შეთანხმების ერთ-ერთი ნაწილიც იყო, თუმცა ხელისუფლებამ ეს პირობა არ შეასრულა.