უკრაინაში დაღუპული კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი სამშობლოში გამთენიისას ჩამოასვენეს. მიხეილ მაზანაშვილი პროფესიონალი სამხედრო იყო, წლების განმავლობაში მსახურობდა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში და უკრაინაში გასულ წელს რუსული სამხედრო აგრესიის დაწყების დღიდან იბრძოდა.
29 წლის მებრძოლი ბახმუტთნ ჭურვის აფეთქებისას დაიღუპა. ცნობისთვის, დაღუპული მებრძოლის ცხედარი წმინდა ნიკოლოზის ტაძარშია დასვენებული, მოგვიანებით კი გორში, მშობლიურ სოფელში გადაასვენებენ.
"ინტენსიური ბრძოლები მიმდინარეობდა და წინა ხაზზე იყო. 30-შიო ველაპარაკეთ ჩვენ, ოჯახის წევრები და 31-ში დაიღუპა. აგრესიის დაწყების დღიდან მაგას ფიქრობდა, რომ თავისი წასვლით, იარაღის აწევით და უკრაინაში ფეხის დადგომით, საქართველოს თავისუფლებასაც დაიცავდა და ამას შეეწირა. გმირია არამარტო ოჯახის წევრებისთვის, ყველასთვის გმირია",- ამბობს ოჯახის წევრი.
მაზანაშვილის ცხედრის ჩამოსვენებას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოჯახთან ერთად დახვდა, უკრაინაში მებრძოლი ქართველი ნადიმ ხმალაძე, რომელმაც თქვა, რომ ძალიან მძიმე დღეებია საქართველოსთვის, ვინაიდან ორ დღეში მეორე ქართველი ჩამოასვენეს: "42-ე მებრძოლი დაკარგა ჩვენმა ქვეყანამ, დავკარგეთ ჩვენ, ბიჭებმა. მინდა, მივუსამძიმრო მის ოჯახს, საქართველოს და მინდა, რომ ჩვენს გმირებზე ჩვენმა ქვეყანამ იცოდეს.