პირდაპირი ფრენები ოკუპანტ ქვეყანასთან - 18 აპრილს დაგეგმილი მოსკოვი-თბილისის პირველი პირდაპირი რეისის ავიაბილეტები ონლაინ სივრცეში აღარ იძებნება. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, ხელისუფლებამ, სავარაუდოდ, დროებით უკან დაიხია, თუმცა იმ მხარდამჭერი განცხადებების გათვალისწინებით, რომელსაც მთელი ეს პერიოდია, "ქართული ოცნება" აკეთებს, სავარაუდოა, რომ რეგულარული პირდაპირი ფრენები უახლოეს პერიოდში აღდგება.
სტრატეგიული ანალიზის ცენტრის გეოპოლიტიკური კვლევების ხელმძღვანელმა, ვალერი ჩეჩელაშვილმა განაცხადა, რომ მოსკოვთან რეგულარული, პირდაპირი ფრენების აღდგენა კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებას ხელს შეუშლის. მანვე აღნიშნა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, საქართველო კონკრეტულ სანქციებს უნდა ელოდოს.
"ეს არასწორად გადადგმული ნაბიჯი იქნება. პირველ რიგში, ჩვენი კანდიდატის სტატუსის მიღების კონტექსტში. შეიძლება, ამ ყველაფერს საქართველოს მიმართ გარკვეული სანქციები მოჰყვეს... ამ შემთხვევაში, სანქციებს უნდა ველოდოთ, ალბათ, ჩვენი ეროვნული გადამზიდველის "აირზენას" წინააღმდეგ", - განაცხადა ჩეჩელაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე საათის წინ, მოსკოვის "ვნუკოვოს" აეროპორტის საიტზე, საქართველოს მიმართულებით პირდაპირი რეისი გამოჩნდა, რომელიც 18 აპრილს უნდა შესრულებულიყო. ინფორმაცია აეროპორტის ცხელ ხაზზე "მთავარ არხს" დაუდასტურეს და განაცხადეს, რომ შესაბამისი განაცხადი სწორედ "ჯორჯიან ეარვეისმა" შეიტანა.
საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში კი ამბობენ, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი რეგულარული საავიაციო მიმოსვლა არ ხორციელდება და სტატუს-კვო არ შეცვლილა, თუმცა აღნიშნავენ, რომ სავარაუდოდ, ქართული კომპანიის ინიციატივასთან დაკავშირებით კომენტარს ვერ გააკეთებენ.