გერმანიის ბუნდესტაგის ევროკავშირის საკითხთა კომიტეტის დელეგაციის წევრები უკვე იუსტიციის სამინისტროში იმყოფებიან და მინისტრ რატი ბრეგაძეს ხვდებიან.
შეხვედრის მთავარი თემა საქართველოს ევროპერსპექტივასთან დაკავშირებული საკითხები იქნება. გერმანელი დეპუტატები, ასევე, შეეცდებიან გაარკვიონ მიზეზი, რატომ არ შეუშვეს დელეგაციის წევრი, თომას ჰაკერი საპატიმროში ნიკა გვარამიას მოსანახულებლად. რატი ბრეგაძესთან შეხვედრის ფარგლებში გერმანელი დეპუტატები მართლმსაჯულების სისტემაში რეფორმების საკითხზეც გაამახვილებენ ყურადღებას.
"რასაკვირველია, ვისაუბრებთ ევროკომისიის 12 რეკომენდაციაზე და გავიგებთ არის თუ არა პროგრესი ამ მიმართულებით. ყველამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ქვეყანას ევროკავშირში შესვლაში დაეხმაროს და წლის ბოლოს ბრიუსელში მიიღონ ქვეყნისთვის სასიკეთო გადაწყვეტილება. იუსტიციის მინისტრს ვესაუბრებით, მართლმსაჯულების სფეროში რეფორმების შესახებ.
როგორც თქვენ იცით მე არ მომცეს უფლება ციხეში მომენახულებინა ნიკა გვარამია. იუსტიციის მინისტრთან შეხვედრაზე, ამ საკითხზეც გავამახვილებ ყურადღებას. როგორც ევროპარლამენტი, ასევე, გერმანიის ბუნდესტაგი, ხედავს ნიკა გვარამიას პატიმრობის უფრო მეტ პოლიტიკურ მიზეზს, ვიდრე სხვა საბაბს. ეს მედიის თავისუფლების საკითხის ნაწილია და ეს დაბრკოლებებს უქმნის საქართველოს, მის გზაზე გახდეს პლურალისტური საზოგადოების მქონე ქვეყანა. და როგორც უკვე იცით, მედიის თავისუფლება 12 რეკომენდაციის ერთ-ერთ მთავარი პუნქტია", - თქვა ჰაკერმა.
დღეს გერმანიის ბუნდესტაგის ევროკავშირის საკითხთა კომიტეტის დელეგაციის წევრები ასევე შეხვდებიან სამოქალაქო საზოგადოების წევრებსა და ოპოზიციას.
შეგახსენებთ, რომ თბილისში ვიზიტად მყოფი ბუნდესტაგის "თავისუფალ დემოკრატთა პარტიის" წევრი თომას ჰაკერი გუშინ, პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღეს, საქართველოს ხელისუფლებამ "მთავარი არხის" გენერალურ დირექტორთან, პოლიტპატიმარ ნიკა გვარამიასთან არ შეუშვა. როგორც გერმანელმა პოლიტიკოსმა აღნიშნა, მიზეზად დაუსახელეს ის, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს პატიმრების მონახულების უფლება არ აქვთ.
ამავე თემაზე: