
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ორი სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, 2023 წლის აპრილის თვეში, ქრთამის აღების ფაქტებზე, სსიპ "ეროვნული სატყეო სააგენტოს" იმერეთისა და სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის ორი თანამშრომელი დააკავეს.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, მათი სამოქმედო სატყეო უბნებიდან მიწის ნაყოფიერი ფენის უნებართვოდ მოპოვებისა და გამოტანის სანაცვლოდ, მოქალაქეებს ქრთამის სახით მოსთხოვეს და მიიღეს ფულადი თანხები, რა დროსაც მოხდა მათი მხილება", - წერია უწყების განცხადებაში.
აღნიშნულ საქმეებზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 6-დან 9 წლამდე.