
"მთავარი არხის" დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას პატიმრობას ეხმაურება ჟურნალისტური ეთიკის ქარტია და მოუწოდებს პრეზიდენტს, შეიწყალოს პოლიტიკური პატიმარი. ქარტია მიიჩნევს, რომ ნიკა გვარამიას დაკავება უკავშირდება მისი და მის მიერ დაფუძნებული მედიის მხრიდან ხელისუფლების მიმართ კრიტიკულ სარედაქციო პოლიტიკას.
"ბოლო წლებია ხელისუფლება აქტიურად ცდილობს ხელი შეუშალოს კრიტიკული მედიის საქმიანობას, იქნება ეს რუსული კანონის მიღების მცდელობა, აგრესიული რიტორიკა, მოძალადე ჯგუფების დაუსჯელობა, ბოიკოტი, ღონისძიებებზე არ დაშვება, საჯარო ინფორმაციაზე წვდომის შეზღუდვა, უსამართლო და არადემოკრატიული აკრედიტაციის წესი პარლამენტში თუ ამ აკრედიტაციის შეჩერების არაერთი შემთხვევა კრიტიკული კითხვის დასმის გამო და ა.შ. გარდა ამისა, არ ხდება აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურების დირექტივის სათანადო იმპლემენტაცია, რაც ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მიიჩნევს, რომ ნიკა გვრამიას დაკავება ამ პროცესის ნაწილია და უკავშირდება მისი და მის მიერ დაფუძნებული მედიის მხრიდან ხელისუფლების მიმართ კრიტიკულ სარედაქციო პოლიტიკას.
ქარტიამ, სხვა ორგანიზაციებთან ერთად, არაერთხელ მოუწოდა საქართველოს პრეზიდენტს ნიკა გვარამიას შეწყალებისკენ, თუმცა სალომე ზურაბიშვილს ეს ნაბიჯი ამ დრომდე არ გადაუდგამს.
მოვუწოდებთ ხელისუფლებას, შეწყვიტოს კრიტიკულ მედიაზე ზეწოლის მცდელობები. ასევე, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ პრეზიდენტს, შეიწყალოს პოლიტიკური პატიმარი ნიკა გვარამია", - წერია ქარტიის განცხადებაში.
დღეს, 16 მაისს ერთი წელი შესრულდა, რაც "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია პატიმრობაშია. 27 მაისს, პრეზიდენტის სასახლესთან ნიკა გვარამიას მხარდამჭერი აქცია გაიმართება.