
გამოცემა "აგენტსტვო" წერს, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში, სულ მცირე, ოთხმა ადამიანმა, ძირითადად უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, აღმოაჩინა შესაძლო მოწამვლის სიმპტომები ან განიცადა უცნობი პირების მიერ მათ საცხოვრებელში შეღწევის შემთხვევები, რომლებიც შესაძლოა რუსეთის სპეცსამსახურებთან იყვნენ დაკავშირებულები.
მედიის ინფორმაციით, ბოლო ორი ასეთი შემთხვევა ევროპაში 2023 წლის გაზაფხულზე მოხდა. მაისის პირველ დღეებში ჩეხეთში, ფონდ "თავისუფალი რუსეთის" ხელმძღვანელმა ნატალია არნომ მკვეთრი სისუსტე იგრძნო. ინფორმაციას აღნიშნულზე გამოცემას მისი ორი ნაცნობი აწვდის. არნომ პრაღაში გამართა შეხვედრები რუსეთში არსებულ ვითარებაზე და იგრძნო დაბუჟება და ტკივილი სხეულის სხვადასხვა ნაწილში.
სააგენტოს თანამოსაუბრე უყვება, რომ სიმპტომების დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე, არნომ აღმოაჩინა, რომ პრაღაში მისი სასტუმრო ოთახის კარი ღია იყო და ოთახში ისეთი უცნაური სუნი იდგა, როგორიც აფფასიან სუნამოს აქვს. მეორე დილით არნო გაფრინდა შეერთებულ შტატებში, სადაც თითქმის 10 წელია ცხოვრობს, მას შემდეგ რაც კრემლის ზეწოლის გამო იძულებული გახდა დაეტოვებინა რუსეთი.
ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩასვლისას სიმპტომები არ გამქრალა და არნო, სააგენტოს ცნობით, საავადმყოფოში მივიდა. შედეგად, FBI-მ, ერთ-ერთი თანამოსაუბრის თქმით, დაიწყო გამოძიება, გამოკითხა არნო, წაიღეს ბიოლოგიური და მატერიალური მასალები, მათ შორის ტანსაცმელი და სხვა ნივთები, რომლებიც მას თან ჰქონდა მოგზაურობის დროს. არნომ მედისთან უარი თქვა ამ თემის განხილვაზე ისე, რომ არ უარუყვია, რომ ინციდენტი შეემთხვა.
მოგვიანებით მან შემთხვევის გასაჯაროების შემდეგ ამ თემაზე საჯაროდ დაწერა სოციალურ ქსელში.
"არის ეჭვი, რომ ევროპაში ვიზიტისას მომწამლეს, შესაძლოა ნერვული აგენტით (nerve agent) საქმეს დასავლეთის სპეცსამსახური იძიებს. ახლაც მაქვს სიმპტომები, თუმცა შედარებით უკეთ ვარ. რუსებს, რომლებიც წავიდნენ პუტინის რუსეთიდან და აგრძელებენ მისი რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლას, უნდა ესმოდეთ, რომ მტერს გრძელი საცეცები აქვს და შეუძლია რუსეთის გარეთაც შეგვიქმნას საფრთხე.
მოწამვლის სიმპტომები ევროპის პირველივე ქალაქში ვიგრძენი, შემდეგ აღმოვაჩინე, რომ ჩემი სასტუმროს ნომრის კარი შეღებული იყო და ოთახში მძაფრი, იაფფასიანი სუნამოს სუნი იდგა. დილით ძლიერმა ტკივილებმა და უცნაურმა სიმპტომებმა გამაღვიძა. რამდენადაც ვიცი, ეს არ არის შესაძლო მოწამვლის პირველი ისტორია რუსეთიდან წასულ ჟურნალისტებსა და აქტივისტებს შორის, მაგრამ ჩვენი შეშინება, მათ არ გამოუვათ. ყველაფერი, რასაც პუტინის რეჟიმი აკეთებს, არანორმალური და დანაშაულებრივია, მეზობელი ქვეყნის მშვიდობიანი ქალაქების დაბომბვიდან დაწყებული, ასეთი, ტრანსნაციონალური რეპრესიებით დამთავრებული", - წერს ფონდ "თავისუფალი რუსეთის" ხელმძღვანელი, ნატალია არნო.
არნო ბერლინიდან პრაღაში გაფრინდა, სადაც 2023 წლის 29-30 აპრილს მიხეილ ხოდორკოვსკის მიერ ორგანიზებული რუსი ოპოზიციონერების შეხვედრა გაიმართა. ორმა თანამოსაუბრემ განუცხადა სააგენტოს, რომ ამ ღონისძიების დღეებში გერმანელ ექიმებს ჯანმრთელობის პრობლემებით მიმართა რუსმა ჟურნალისტმა, რომელმაც ცოტა ხნის წინ დატოვა სამშობლო. მედია ეთიკური მიზეზების გამო მის სახელს არ ასახელებს.
სააგენტოს ორმა სხვა წყარომ თქვა, რომ ჯონ ჰერბსტს, აშშ-ის ყოფილ ელჩს უკრაინაში და ახლა ატლანტიკური საბჭოს ევრაზიის ცენტრის უფროს დირექტორს, ვლადიმირ პუტინის ცნობილ კრიტიკოსს, მოწამვლის სიმპტომები ჰქონდა შეჭრამდე რამდენიმე თვით ადრე.
სააგენტოს მისი ნაცნობი თანამოსაუბრე ამბობს, რომ FBI-მ ჰერბსტის ჯანმრთელობის მკვეთრი გაუარესების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. სააგენტოს მეორე თანამოსაუბრე, რომელიც ვაშინგტონში ერთ-ერთ ლობისტურ ორგანიზაციაში მუშაობს, ამბობს, რომ ატლანტიკური საბჭო საქმის კურსშია. ყოფილმა ელჩმა კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა, ხოლო საბჭოს ჯარ არ უპასუხია "აგენსტვოს" მოთხოვნაზე.
"აგენტსტვო" ასევე წერს ბულგარეთში დაბადებული გამომძიებელი ჟურნალისტის, Bellingcat-ის ერთ-ერთი ხელმძღვანელის, ხრისტო გროზევის შესახებ. ეს საქმე უკვაშირდება არა მოწამვლას, არამედ უცნობი პირების მიერ მისი სასტუმროს ნომერში შესვლას. მედიის ცნობით, შემთხვევა 2022 წლის გაზაფხულზე, მონტენეგროში მოხდა, სადაც გროზევი რუსეთის შესახებ ჟურნალისტურ კონფერენციაზე იმყოფებოდა.
მედიას წყარო ეუბნება, რომ უცნობ პირებს შეეძლოთ წვდომა ჰქონოდათ ჟურნალისტის პირად გაჯეტებში არსებულ ინფორმაციაზე. გროზევმა დაადასტურა, რომ მისი ოთახიდან წაიღეს ტელეფონი, მას სხვა კომენტარი არ გაუკეთებია.