მთელი პასუხისმგებლობით ვამბობ, ეს არის მკვლელობა, - ამის შესახებ დაღუპული თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა "მთავარი არხის" გადაცემა "დღის სტუმარში" ისაუბრა.
რამიშვილის თქმით, აქტიურად მიმდინარეობს დაღუპული პროგრამისტისა და მისი ოჯახის დისკრედიტაციის მცდელობა, რათა მათ საზოგადოების მხარდაჭერა დაკარგონ. გარდა ამისა, ადვოკატი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მისთვის თვითმკვლელობისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის ვერსიები მიუღებელია.
ვინც არ უნდა შემეკამათოს, გინდა ადვოკატების გარკვეული ჯგუფი, გინდა არა ადვოკატების... არ მაინტერესებს. პირდაპირ ვამბობ, მთელი პასუხისმგებლობის ქვეშ, არანაირ თვითმკვლელობაზე და თვითმკვლელობამდე მიყვანაზე არ არის საუბარი, არანაირად. ეს არის მკვლელობა. ყველაფერზე პასუხისმგებელი ვარ. რაც უნდათ ის უქნიათ. რაც უნდათ, ის განუხორციელებიათ, - განმარტა რამიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი შაბათს სახლიდან გავიდა და სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ერთ-ერთი ვერსიით, ბაჩალიაშვილის გაუჩინარება მის სამსახურეობრივ საქმიანობას უკავშირდება.
კომპანია ZAG-ის მფლობელი აბრაჰამ რეირბახის თქმით, თამარ ბაჩალიაშვილი სამსახურიდან წასვლას აპირებდა. მისმა ოჯახმა კი დაზუსტებით არ იცის, რას აკეთებდა 23 წლის პროგრამისტი თავის სამსახურში.
25 ივლისს, პროკურატურამ ბაჩალიაშვილის მამა დაზარალებულად ცნო და საქმის გამოძიებას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაუმატა. გამოძიება, ამ ეტაპზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 115-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.