
ბაჩალიაშვილების ოჯახს კომპანია ZAG-ის იურისტი შეხვდა. ის თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებს თანამშრომლობას და კითხვებზე პასუხების გაცემას დაჰპირდა. კომპანიაში, სადაც პროგრამისტი გოგონა სამი წლის განმავლობაში მუშაობდა, ოჯახს აუხსნეს, რომ საგამოძიებო უწყებამ საჭირო მასალის ამოსაღებად შიდასაკომუნიკაციო ტელეფონები წაიღო.
დალუქულია საერთოდ და შეჩერებულია, შიდა საკომუნიკაციო ტელეფონებიც კი წაიღესო, რომ იქნებ რაიმე ხელჩასაჭიდი ქონოდათ, რომ იმათთვის გადაებრალებინათ, მაგრამ ესეც არ გამოსდით. თანამშრომლობენ ისინი ყველანაირად ჩემთან, - ამბობს დაღუპულის დედა თეონა თამაზაშვილი.
შეგახსენებთ, რომ თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი შაბათს სახლიდან გავიდა და სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ერთ-ერთი ვერსიით, ბაჩალიაშვილის გაუჩინარება მის სამსახურეობრივ საქმიანობას უკავშირდება.
კომპანია ZAG-ის მფლობელი აბრაჰამ რეირბახის თქმით, თამარ ბაჩალიაშვილი სამსახურიდან წასვლას აპირებდა. მისმა ოჯახმა კი დაზუსტებით არ იცის, რას აკეთებდა 23 წლის პროგრამისტი თავის სამსახურში.
25 ივლისს, პროკურატურამ ბაჩალიაშვილის მამა დაზარალებულად ცნო და საქმის გამოძიებას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაუმატა. გამოძიება, ამ ეტაპზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 115-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.