შინაგან საქმეთა სამინისტრო დაღუპული თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში აშშ-ს ფედერალური საგამოძიებო ბიუროს ჩასართავად მზადყოფნას გამოთქვამს. ინფორმაცია "მთავარს" შსს-ში დაუდასტურეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო დაუკავშირდა თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატს მათ მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც ეხებოდა საქმეში ამერიკის ფედერალური ბიუროს ჩართულობას. სამინისტრო გამოთქვამს მზადყოფნას აღნიშნულ პროცესში ამერიკის საგამოძიებო ბიუროსთან თანამშრომლობის შესახებ და ამ მიზნით დღეს ოჯახს შეხვედრა შესთავაზა - ვკითხულობთ სამინისტროს საპასუხო კომენტრაში.
შეგახსენებთ, რომ თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი შაბათს სახლიდან გავიდა და სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ერთ-ერთი ვერსიით, ბაჩალიაშვილის გაუჩინარება მის სამსახურეობრივ საქმიანობას უკავშირდება.
კომპანია ZAG-ის მფლობელი აბრაჰამ რეირბახის თქმით, თამარ ბაჩალიაშვილი სამსახურიდან წასვლას აპირებდა. მისმა ოჯახმა კი დაზუსტებით არ იცის, რას აკეთებდა 23 წლის პროგრამისტი თავის სამსახურში.
25 ივლისს, პროკურატურამ ბაჩალიაშვილის მამა დაზარალებულად ცნო და საქმის გამოძიებას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაუმატა. გამოძიება, ამ ეტაპზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 115-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.