ბაჩალიაშვილის ოჯახი დღეს შსს-ს შეხვდება - საქმეში FBI ერთვება

გამოქვეყნდა:

თამარ ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიებაში FBI ჩაერთვება. ამერიკის საგამოძიებო ბიუროსთან თანამშრომლობისთვის მზადყოფნაზე განაცხადი შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე გააკეთა. გომელაურის უწყება ამ მიზნით დღეს, 5 აგვისტოს თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახს და ადვოკატს შეხვდება.

ამერიკის ფედერალური ბიუროს ჩართვას 23 წლის პროგრამისტის საქმის გამოძიებაში, ოჯახი უკვე რამდენიმე დღეა ითხოვს. გუშინ მათ უკიდურეს ფორმასაც მიმართეს და ამ მოთხოვნით აქცია ამერიკის საელჩოსთან გამართეს. ოჯახი დარწმუნებულია, რომ ბურუსით მოცულ საქმეში კითხვებს პასუხს სწორედ FBI გასცემს.

მთავარი კითხვა მექნება, რატომ წაიშალა კომპიუტერი, ვინ არის სამი პიროვნება, უკან რომ დგას, რატომ გაქრნენ მოწმეები, ბევრი შეკითხვებია, - ამბობს ჯუმბერ ბაჩალიაშვილი. 

ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი იმედს გამოთქვამს, რომ შეხვედრა არ იქნება ფორმალური და მხოლოდ ფუჭ დაპირებებს არ მიიღებენ. 

იმედია, კონკრეტულად დაითქმება დრო ყველა იმ პროცედურისთვის, რასაც ოფიციალურად გაგზავნა ჰქვია მოწვევის და გვეცოდინება ზუსტი დრო, როდის იქნება მოთხოვნა გაგზავნილი და როდის ჩამოვლენ ექსპერტები, - თქვა რამიშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი შაბათს სახლიდან გავიდა და სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ერთ-ერთი ვერსიით, ბაჩალიაშვილის გაუჩინარება მის სამსახურეობრივ საქმიანობას უკავშირდება.

კომპანია ZAG-ის მფლობელი აბრაჰამ რეირბახის თქმით, თამარ ბაჩალიაშვილი სამსახურიდან წასვლას აპირებდა. მისმა ოჯახმა კი დაზუსტებით არ იცის, რას აკეთებდა 23 წლის პროგრამისტი თავის სამსახურში.  

25 ივლისს, პროკურატურამ ბაჩალიაშვილის მამა დაზარალებულად ცნო და საქმის გამოძიებას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაუმატა. გამოძიება, ამ ეტაპზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 115-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი