
დანარჩენ ოპოზიციურ კანდიდატებს ნუ ეწყინებათ, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ მთავარი კონკურენტი იქნება "ქართული ოცნების" კანდიდატი სერგეენკო, - ამის შესახებ ალეკო ელისაშვილმა "მთავართან" საუბრისას განაცხადა.
საბურთალოს სამაჟორიტარო ოლქში მე ვიქნები მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, პოლიტიკური გუნდის "მოქალაქეების მიერ წარდგენილი. არ გამოვრიცხავ, რომ სხვა რაიონებშიც გვყავდეს კანდიდატები, ისევე როგორც, კანდიდატები გვეყოლება საქართველოს რეგიონებში, - თქვა მან.
საკუთარი პარტიის "მოქალაქის" პრეზენტაცია ალეკო ელისაშვილმა 4 აგვისტოს გამართა, აქვე განაცხადა მან საბურთალოს ოლქში მაჟორიტარად კენჭისყრის გეგმის თაობაზე. ახალი პარტიის შექმნის შესახებ ელისაშვილმა პირველად "მთავარის" ეთერში, გადაცემაში "დღის სტუმარი" ისაუბრა და განაცხადა, რომ "თუ მაჟორიტარებზე შეთანხმება იქნება, ყველამ მადას უნდა დაუწიოს".
"ლეიბორისტული მაგიდის" ირგვლივ არსებული ოპოზიციური ერთობა კი ელისაშვილმა კონსულტაციების მიმდინარეობის დროს დატოვა. სავარაუდოდ, ოპოზიციონერ ლიდერებს შორის დაპირისპირება კი, მთაწმინდის და საბურთალოს მაჟორიტარულ ოლქებში კანდიდატებზე შეუთანხმებლობას მოჰყვა. ოპოზიციის რიგებში ურთიერთბრალდებები განსაკუთრებით სწორედ მას შემდეგ გამწვავდა, რაც ალეკო ელისაშვილმა დახურულ კარს მიღმა მიმდინარე მოლაპარაკებები საჯარო გახადა.
ამ განხეთქილების მიზეზებზე საუბრისას "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ განაცხადა, რომ ელისაშვილთან თანამშრომლობისთვის ყველა პარტია მზად იყო, თუმცა იგი ორ მაჟორიტარულ ოლქს ითხოვდა.
ეს მის სინდისზე იყოს, მისი არჩევანი არაფრით განსხვავდება ჩვეულებრივი ვაჭრობისგან. ღმერთმა ხელი მოუმართოს. დანარჩენი, მასზე საუბარს არ ვაპირებ, ისევე როგორც, არ ვთვლი საჭიროდ ოპოზიციის ზედმეტ კინკლაობას ერთმანეთში. საწყენია, რომ საკუთარ ცხვირზე შორს ვერ იყურება ეს ადამიანი, - თქვა მაშინ უგულავამ.
თავის მხრივ, "თბილისის ჰამქარის" დამფუძნებელმა უგულავას ამ ბრალდებას სამარცხვინო უწოდა და აღნიშნა, რომ მას მართლაც აქვს ორი ოლქის მოგების რესურსი. "ოღონდ გიგი უგულავას რომ რამე ვევაჭრო, იმ დღეს მოვკვდე მე, ალეკო ელისაშვილი', - თქვა მან.
გიგი უგულავას ნათქვამი ელისაშვილის მიერ ორი მაჟორიტარის მოთხოვნის თაობაზე გიგა ბოკერიამაც დაადასტურა და აღნიშნა, რომ ელისაშვილი მთაწმინდის ოლქში ლევან იოსელიანის დაყენებას ითხოვდა, რომელმაც წინა არჩევნებზე სულ ხმების 6% აიღო.
პარტია "მოქალაქის" ლიდერმა ბოკერიას ცეხავიკი უწოდა და განაცხადა, რომ ამ უკანასკნელს ქართული პოლიტიკის შაქრო კალაშოვობა უნდა. "ქურდობა უნდა გიგა ბოკერიას, პოლიტიკაში ქურდად იჯდეს, პოლიტიკის შაქრო კალაშოვი უნდა იყოს გიგა ბოკერიას. არც ისეთი ქურდები მეხატებიან გულზე, არც პოლიტიკური ქურდები", - თქვა მაშინ ალეკო ელისაშვილმა.
ამავდროულად, მან ოპოზიციას მაჟორიტარების არჩევის საკუთარი ინიციატივა წარადგინა, რომლის მიხედვითაც, ოპოზიციური მაჟორიტარი კანდიდატები ხალხმა უნდა აირჩიოს. მისი თქმით, საზოგადოებისთვის სანდო ორგანიზაციებმა, როგორიცაა IRI და NDI, უნდა ჩაატარონ გამოკითხვა რეპრეზენტატიული გამოკითხვა კანდიდატებთან დაკავშირებით კითხვით: რომელ ოპოზიციონერ ლიდერს ისურვებდით თბილისში მაჟორიტარად.